აშშ-ის პრეზიდენტი მესაზღვრეების დაცვას სამხედროებს დაავალებს. შესაბამის განკარგულებას დონალდ ტრამპი უახლოეს ხანში მოაწერს ხელს. საქმე ეხება მექსიკის საზღვარზე დისლოცირებულ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებსა და მესაზღვრეებს.
როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, მექსიკის საზღვრის სიახლოვეს მიგრანტების რაოდენობის ზრდასთან ერთად მესაზღვრეების უსაფრთხოების დაცვა აუცილებელი ხდება.
მანამდე დონალდ ტრამპმა ე.წ. მიგრანტების ქარავანს, რომელიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ისკენ მიემართებოდა, „ინტერვენციის მცდელობა“ უწოდა, რომელიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემუქრება.
აშშ-ისა და მექსიკის საზღვარი ამჟამად ჩაკეტილია. მესაზღვრეები მიგრანტების აშშ-ის ტერიტორიაზე გადასვლის აღსაკვეთად დამატებით ბარიერებს ამონტაჟებენ და მავთულხლართებს ავლებენ.
ამერიკული მედია ავრცელებს ცნობას, რომ ზოგიერთი მიგრანტი აშშ-ისა და მექსიკის საზღვრის გარღვევას აპირებს. საზღვრის სიახლოვეს მობილიზებულია 5900 სამხედრო მოსამსახურე, თუმცა ამ ეტაპზე მათ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებისა და მესაზღვრეების დაცვის უფლებამოსილება არ გააჩნიათ.