Reuters-ი საქართველოს ნაკრების ლიდერ კვარაცხელიაზე - არაპროგნოზირებადობასთან ერთად, ტექნიკით ნებისმიერი დაცვისთვის სახიფათოა #1TVSPORT
სააგენტო Reuters-მა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლას წერილი მიუძღვნა და განსაკუთრებული ყურადღება „ჯვაროსნების“ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა.
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას მაგია საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტია
„ხვიჩა კვარაცხელიამ სახელი გაითქვა გასულ სეზონში, როდესაც „ნაპოლის“ სერია A-ს მოგებაში დაეხმარა – ახლა ქართველი თავდამსხმელი მზად არის, საერთაშორისო ასპარეზზე გაიბრწყინოს და საქართველოს ევრო 2024-ზე პირველ მნიშვნელოვან გამოსვლაზე მაქსიმალურად დაეხმაროს.
კვარაცხელია დიდი კლუბების ყურადღებას საქართველოში და შემდეგ რუსეთში თამაშის დროსაც იპყრობდა, მაგრამ მისი პოპულარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, როცა კვირიდან კვირამდე სერია A-ს სტადიონებზე ბრწყინავდა და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ახალი გმირი შეუყვარდათ.
კვარაცხელიამ გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო მოთამაშის და ასევე სეზონის გოლის ჯილდო მიიღო. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ „ნაპოლიმ“ 1990 წლის შემდეგ ჩემპიონის პირველი ტიტული მოიგო დიადი დიეგო მარადონას გარეშე, რომლის აჩრდილიც ნეაპოლურ კლუბს დღემდე დასტრიალებს.
კაცმა, რომელსაც გულშემატკივრებმა მეტსახელად „კვარადონა“ უწოდეს, გასულ სეზონში საკმარისად ბევრი გააკეთა გუნდისთვის და გაჩაღდა დებატები, უნდა გადაეცათ თუ არა ქართველისთვის მარადონას 10-ნომრიანი მაისური, რომელსაც „ნაპოლიში“ აღარ ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ დასრულებულ სეზონში მსგავს წარმატებას ვეღარ მიაღწია, კვარაცხელიამ გამოსვლა მაინც მაღალ დონეზე დაასრულა.
„ნაპოლიმ“ შედეგს ვერ მიაღწია, მაგრამ კვარაცხელიამ მაინც გაიტანა 11 გოლი (გასულ სეზონში 12 გოლი), ხოლო 4 გოლით ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
რა თქმა უნდა, კვარაცხელიას თამაში მხოლოდ გოლების გამო არაა აღსანიშნავი. არაპროგნოზირებადობასთან ერთად, მისი ტექნიკური შესაძლებლობები ნებისმიერი დაცვისთვის სახიფათოს ხდის. 23 წლის ფეხბურთელს შეუძლია 3-4 მცველს გაცდეს, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეაღწიოს და კარში გაისროლოს. საქართველოს ნაკრებს ევროს საგზურის მოსაპოვებლად პლეი ოფში გავლა მოუხდა, კვარაცხელიამ კი საბერძნეთთან დასკვნით მატჩში მოედანი დამატებით დროში ტრავმირებულმა დატოვა, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში ბერძენ მცველებს სამი ყვითელი ბარათი მიაღებინა“.