Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა

10:08, 20.10.2026

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად ამერიკელთა მხოლოდ 31% აფასებს. ეს მაჩვენებელი ორი კვირის წინანდელ მონაცემთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდა და ტრამპის პრეზიდენტობის ორივე ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რეგისტრირებული ამომრჩევლების 47%-მა დემოკრატები დაასახელა, 35%-მა კი – რესპუბლიკელები. ორი კვირის წინ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პროცენტული პუნქტით უსწრებდნენ.

გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდაჭერის შემცირება დიდწილად ქალ ამომრჩევლებში დემოკრატების პოპულარობის ზრდას უკავშირდება. გამოკითხულ ქალთა 50%-მა განაცხადა, რომ ხმას დემოკრატებს მისცემდა, რესპუბლიკელ კანდიდატებს კი 32% უჭერდა მხარს. მამაკაც ამომრჩევლებშიც დემოკრატები ლიდერობდნენ, თუმცა შედარებით მცირე უპირატესობით.

ამასთან, გამოკითხულთა 68% უკმაყოფილოა ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის რესპუბლიკელების 37%. კითხვაზე, რომელი პარტია გაუმკლავდებოდა უკეთ ეკონომიკურ საკითხებს, 40%-მა უპირატესობა დემოკრატებს მიანიჭა, 33%-მა კი – რესპუბლიკელებს.

გამოკითხვა ონლაინ ჩატარდა და მასში აშშ-ის 1 679 სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 1 279 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა. შედეგების ცდომილების ზღვარი ორი პროცენტული პუნქტია.

მსგავსი