Reuters - დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილი სამხედრო აღლუმი შესაძლოა, 90 მლნ დოლარზე მეტი დაჯდეს
Reuters - დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილი სამხედრო აღლუმი შესაძლოა, 90 მლნ დოლარზე მეტი დაჯდეს

დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილი სამხედრო აღლუმი შესაძლოა, 90 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდეს, – ამის შესახებ Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

ანონიმურმა წყარომ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ბიუჯეტი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ჯიმ მეტისმა უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, ის შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისა და ბასტილიის დღეზე გამართულ აღლუმზე დასწრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა მასშტაბური სამხედრო აღლუმის ჩატარების სურვილი გამოთქვა, 2018 წლის 18 იანვარს კი პენტაგონს ღონისძიების დაგეგმვა დაავალა. რამდენიმე თვის წინ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს ნოემბერში დაგეგმილი სამხედრო აღლუმი 10-დან 30 მილიონ დოლარამდე დაუჯდებოდათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო აღლუმი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მსგავსი მასშტაბური ღონისძიება ბოლოს 1991 წელს ვაშინგტონში გაიმართა. მაშინ აშშ-ის დედაქალაქში სპარსეთის ყურის ომში ერაყზე გამარჯვება აღნიშნეს.