24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე აგრძელებენ
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე აგრძელებენ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

„მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას.

გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება.