რესტავრაციის ლაბორატორიაში 2019 წელს 20 000-ზე მეტი ფურცლის რესტავრაცია ჩატარდა
რესტავრაციის ლაბორატორიაში 2019 წელს 20 000-ზე მეტი ფურცლის რესტავრაცია ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია 2019 წლის განმავლობაში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების ანგარიშს აქვეყნებს. ინფორმაციის მიხედვით, რესტავრაცია ჩაუტარდა 21 046 ფურცელს, 426 ფოტოპოზიტივს, 4 ცალ ფოტოალბომს, 97 ტექნიკურ ნახაზს, 75 გაზეთს, აფიშებსა და სხვა საარქივო მასალას.

რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული, XVII-XIX საუკუნეებით დათარიღებული დოკუმენტები: თეიმურაზ I-ის, ერეკლე I-ის, ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის წყალობისა და შეწირულების წიგნები; ისიდორე რამიშვილის პირადი არქივი; საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის მასალა; XIX-XX საუკუნეების პერიოდული გამოცემები; უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ტექნიკური განყოფილების დოკუმენტების ნახაზები; ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების მასალა, მათ შორის აკაკი შანიძისა და ვასილ ამაშუკელის პირადი ფონდები და სხვა.
რესტავრაცია ჩაუტარდა კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ ფოტოპოზიტივებსა და ალბომებსაც. ალბომები აერთიანებს ჟანდარმერიის მიერ გორში 1900-იან წლებში დაპატიმრებულთა ფოტოებს, ასევე 1975 წელს თბილისში მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნის ამსახველ ფოტომასალას და ფოტოკადრებს „ქართული ფილმის“ ნაწარმოებებიდან.

ლაბორატორია ჩართულია დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტშიც, რომლის ფარგლებშიც, წლის განმავლობაში, დასასკანირებლად მომზადდა, ხელახლა აიკინძა და ყდაში ჩაისვა 874 საქმე.