რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც პანდემია შესუსტდა, კლინიკებში, მათ შორის კერძო კლინიკებში არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რადგან ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკებს სჭირდებათ ახალი მიმართულებების დამატება, ასევე სერვისების გადწყობა.

ილია ღუდუშაურის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები.

„რამდენიმე დღე იყო დაკეტილი და არ იღებდა პაციენტებს, რადგან მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები, რათა მომხდარიყო მისი გადაწყობა ჰიბრიდულ რეჟიმზე. ამასთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიცვალოს ხელმძღვანელობა და გენერალურ დირექტორად დაინიშნა ლიკა ჭუმბურიძე, რომელიც უხელმძღვანელებს ახალი სერვისების დამატებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას.

არსებული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება კლინიკაში და უხელმძღვანელებენ იმ მიმართულებებს, რასაც აქამდე ხელმძღვანელობდნენ. ამასთან, კლინიკა განახლებულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას ოთხშაბათიდან, ასევე წარმოდგენილი იქნება სტრატეგია, რა სერვისები იქნება დამატებული და რა პერიოდში“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ილია ღუდუშაურის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო კლინიკად, რომლის განვითარებაც სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ესაა რეორგანიზაციის ნაწილი, ამ წუთას მოლაპარაკება მიდის, რომელ მიმართულებას ვინ უხელმძღვანელებს. არც ერთი მათგანი არაა გათავისუფლებული, ინფექციის კონტროლის ნაწილში რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა, ამის გამო იყო შეზღუდული სერვისები რამდენიმე დღე. გეგმური ნაწილია და ამას არ უკავშირდება ხელმძღვანელობის ცვლილება, რადგან აუდიტის დასკვნა ჯერჯერობით არაა დასრულებული და მიმდინარე პროცესშია. საერთო დაკვნა არ არსებობს ამ ეტაპზე. როგორც ფინანსური კუთხით, ისე ინფექციური კონტროლის ნაწილსაც სწავლობს აუდიტი და დაიდება საბოლოო დასკვნა, თუმცა რაღაც  გლობალური დარღვევები, საბედნიეროდ, ჯერჯერობით დადგენილი არ არის“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.