რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ნაწილობრივ დაუბრუნდა
რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ნაწილობრივ დაუბრუნდა

რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ოთხი თვის შემდეგ ემერჯენსის მიმართულებით მუშაობა აღადგინა. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა, ყოველდღიურ რეჟიმში 30-35 პაციენტის მიღება ხდება.

მისივე თქმით, უკვე ჩატარდა ქირურგიული ოპერაციები და განხორციელდა გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებული პაციენტების მიღება. საავადმყოფომ ნაწილობრივ აღადგინა ფუნქციონირება, ვინაიდან დაწესებულება კვლავ ინარჩუნებს კოვიდ-ცენტრის სტატუსს და საწოლების გარკვეული რაოდენობა ამ მიმართულებით არის განაწილებული. კერძოდ, ამჟამად მედიკოსები ხუთ ინფიცირებულს მკურნალობენ, ხოლო კორონავირუსზე 20 საეჭვო პაციენტს აკვირდებიან.

„რესპუბლიკური საავადმყოფო, უკვე ერთი კვირაა, პრაქტიკულად, გადავიდა ორმაგ რეჟიმზე. ვართ როგორც ცხელების ცენტრი, ასევე გვყავს კოვიდიანი პაციენტები, მაგრამ ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ საქმიანობას. ჩვენ ისევ ვემსახურებით ჩვეულებრივ სტილში ჩვენს მოქალაქეებს.  ეს რაოდენობა თანდათანობით იმატებს და დაახლოებით 30-35 პაციენტამდეც კი ავიდა მიღება ემერჯენსში. ჩატარდა უკვე ქირურგიული ოპერაციები, ასევე გეგმური ოპერაციები, არის გულ-სისხლძარღვთს სისტემით დაავადებული პაციენტების ვიზიტებიც. ამ ოთხი თვის განმავლობაში იყო გარკვეული პერიოდი, შეჩერებული იყო ჩვენი საექიმო საქმიანობა და ჩვენი კოლექტივი მოხარულია, რომ ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ჩაერთო. რა თქმა უნდა, მთლიანად გახსნილი არ ვართ, რადგან ჩვენ ვატარებთ მეორე ნაწილსაც ანუ კოვიდინფიცირებულის და ცხელების ცენტრის მუშაობასაც. საწოლების გარკვეული ნაწილების რაოდენობა არის გადატანილი კოვიდცენტრისა და ცხელების ცენტრის მიმართულებით. დღეისათვის კლინიკაში არის 25 პაციენტი, აქედან ხუთი კოვიდინფიცირებულია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე გაგზავნილია დღესაც ტესტირებაზე ანალიზები. კლინიკა პრაქტიკულად გაიყო ორ ნაწილად, რომ ერთმანეთთან არ მოხდეს კონტაქტი“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

გარდა ამისა, დევი ტაბიძე ვარაუდობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტუდენტების პრაქტიკის პროცესი არ შეჩერდება.

„რესპუბლიკური საავადმყოფო პრაქტიკულად ყველა ექიმისთვის არის სახლი. ამიტომ, აქ სასწავლო პროცესის შეჩერებას არ ვვარაუდობთ, რადგან სექტემბრიდან კათედრებმა უნდა მიიღონ სტუდენტები“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კოვიდპანდემიის გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკუთარი პროფილით მუშაობა დროებით შეჩერებული ჰქონდა. კლინიკა ოთხი თვის განმავლობაში მხოლოდ ინფიცირებულ პაციენტებს იღებდა და ცხელების ცენტრის მიმართულებით მუშაობდა.