„რესპუბლიკური პარტია“ - რადგან გრძელდება მოლაპარაკებები, მანდატებზე უარის თქმის თაობაზე ხელმოწერილი განცხადებებით პარლამენტს მივმართავთ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ
რადგან გრძელდება მოლაპარაკებები, მანდატებზე უარის თქმის თაობაზე ხელმოწერილი განცხადებებით პარლამენტს მივმართავთ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ, – ამის შესახებ აღნიშნულია „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტიაში აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად, მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერას განაგრძობენ.
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს ორი მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა.
ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.
ცხადია, ვითვალისწინებთ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოზიციაზე და ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის, ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც“, – აცხადებენ „რესპუბლიკელები“.