რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი რჩება, 20 პირის კვლევის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი
ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი რჩება. ამის შესახებ კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს კლინიკაში პაციენტების რიცხვი არ გაზრდილა, დღის ბოლოს კი 20 პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდებიან.
„ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე არის 61 პაციენტი. 36 პაციენტი არის დადასტურებული ინფექციით. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. საღამოს ველოდებით 20 პაციენტის ტესტირების პასუხს. „კოვიდ“ ინფიცირებულთა რიცხვი დღეს არ გაზრდილა ჩვენს კლინიკაში, რჩება ისევ 36. ისინი არიან უკვე არსებული კლასტერებიდან“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან არც ერთი პაციენტი არ არის სუნთქვის აპარატზე, ყველა მათგანი სპონტანურ სუნთქვაზეა.
„ყველა მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რამდენიმე მათგანს აღენიშნება პნევმონია“, – აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.