რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 33 პაციენტს მკურნალობენ, მათ შორის ორი ტუბერკულოზის კლინიკის ცხელების ცენტრიდან, ერთი კი „თიმიდან“ გუშინ შეიყვანეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავს, ჯამში კი კლინიკაში 33 ინფიცირებულს პირს მკურნალობენ.
ახალი პაციენტები უკვე დადასტურებული კოვიდდიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხვა კლინიკებიდან შეიყვანეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 32 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელსაც რთულ ფორმაში გამოხატული პნევმონია აღენიშნება.
„ჩვენთან პაციენტები დადასტურებული შემთხვევებით გადმოიყვანეს სხვა კლინიკებიდან, მაგალითად ორი ტუბერკულოზის ცხელების ცენტრიდან, ერთი პაციენტი კი, კლინიკა „თიმიდან“. ეს არის ნაოპერაციები პაციენტი, რომელსაც კარდიო-ქირურგიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და აღმოაჩნდა კორონავირუსი. ის ახლა უკვე ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშაა. 33-ივეს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არც ერთს ჯერჯერობით არ სჭირდება მართვითი სუნთქვა. თუმცა რამდენიმე პაციენტს აქვს პნევმონია, მათ შორის ერთა, საკმაოდ რთულად მიმდინარე პნევმონია. მიუხედავად ამისა, მაინც ჯერჯერობით სუნთქვითი კომპონენტის მოშლას ადგილი არ აქვს და ამიტომ არც ერთი პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე. ინტენსიური თერაპია სჭირდება ამ პაციენტებს, ისინი იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის პალატებში, მიმდინარეობს მათზე დაკვირვება, მკურნალობა და ვფიქრობთ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ცოტა ხანში ჩვენც დავიწყებთ გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვების გამოცხადებას“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, გუშინ 18 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 18-ვე მათგანზე ნეგატიური პასუხია. ამასთან როგორც ლევან გოფოძემ განმარტა, კლინიკაში ერთი პაციენტია არასრულწლოვანი.