რესპუბლიკური საავადმყოფოს კარანტინში 24 ადამიანი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარანტინში 24 ადამიანი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარანტინში ამ დროისთვის 24 ადამიანი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთ მათგანს რაიმე განსაკუთრებული ჩივილი არ აქვს.

„ოთხ პაციენტს გუშინ საღამოს აღენიშნა ცხელება 37.2 და 37.5-ის ფარგლებში. აქედან, ამ დილით ტემპერატურა ორს აღარ აქვს. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება და მკურნალობა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან ყველა პაციენტი არის ნეგატიური ანალიზით, ანუ მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსის არსებობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

რაც შეეხება პაციენტების გაწერას, გუშინ და დღეს ხუთი პაციენტი გაეწერა, რადგან მათ არანაირი კლინიკური სიმპტომი არ უვლინდებათ. ისინი თვითიზოლაციაზე არიან თანახმები. თვითიზოლაციაზე ეპიდემიური სამსახური იღებს გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც საცხოვრებელ პირობებს შეამოწმებს. ასეთი პაციენტები თვითიზოლაციაში არიან იმ სავალდებულო ორი კვირის განმავლობაში, რაც ესაჭიროება კარანტინს“,- განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, რესპუბლიკურში მოთავსებული პაციენტებისთვის ხელახალი გამოკვლევები საჭირო არ არის.

„ანალიზები გამეორებას, ასეთ შემთხვევაში, არ მოითხოვს. ასეთი პაციენტები მხოლოდ დაკვირვებას მოითხოვენ, რადგან საერთაშოროსო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას გვაძლევს, რომ არ არის საჭირო ყოველ მეორე დღეს ვირუსზე პაციენტების კვლევა. ისინი სწორედ ამიტომ არიან კარანტინის პირობებში, რათა დავაკვირდეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და გამოვრიცხოთ, ხომ არ არის რაიმე საეჭვო სიტუაცია, რომ განმეორებით იქნეს ანალიზები აღებული“,- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.