რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 18 ინფიცირებული  მკურნალობს.

კლინიკას ერთი პაციენტი გუშინ დაემატა. ქალბატონი იმ ერთ-ერთი ინფიცირებულის დედაა, რომელიც ამავე კლინიკაში მკურნალობს.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე, დამაკმაყოფილებელია რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული შვიდი თანამშრომელის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

გოფოძის განმარტებით, კვლავ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება მართვით სუნთქვაზე მყოფი ერთი პაციენტი.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი წევს, აქედან 18-ს აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. ბოლოს ახალი პაციენტი გუშინ გადმოვიყვანეთ ერთი, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ინფიცირებულის დედა. ის თვითიზოლაციაში, ბინაზე იყო. იქ ჩაუტარდა ტესტირება და დადებითი აღმოჩნდა. მანამდე, ჩვენთან 72 საათის განმავლობაში არ მოსულა არც ერთი ახალი პაციენტი.

მედიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკვე მივდივართ მათი რეტესტირების რეჟიმზეც. 18-დან ერთი პაციენტი არის მძიმე, მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა რიგი პარამეტრები, სუნთქვის კომპონენტისა გაუმჯობესდა. ასევე, რენდგენოლოგიურად გაუმჯობესდა სუნთქვის მდგომარეობა, რაც იმედს გვაძლევს, რომ უკეთესად წავიდეს მისი მკურნალობის საქმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთს რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება.

ველოდებით ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას. ალბათ ხვალ ან ზეგ ეს ხუთი პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას“,- განაცხადა ლევან გოფოძემ და დასძინა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ზე ცხრა პირის ტესტის პასუხს ელოდებიან.