რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდგინდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდგინდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდგინდა. ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და საყურადღებო არ არის, თუმცა პნევმონია აღენიშნება.

„ერთი ახალი შემთხვევაა. 18 იყო გაგზავნილი და ერთი მოვიდა დადასტურებული. საშუალო სიმძიმისაა, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ პნევმონია არის. არასრულწლოვანი პაციენტი არ არის.

რაც შეეხება რომელ კლასტერს მიეკუთვნება, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, ამას ეპიდემიოლოგები იკვლევენ და მოგვაწვდიან ინფორმაციას. ჩვენთვის კლინიკური ნაწილია მთავარი“,- განაცხადა ტაბიძემ.

მისივე ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 64 პაციენტია მოთავსებული, მათგან 40-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

„სულ ახლა 64 პაციენტი გვყავს და აქედან 40 დადასტურებული „კოვიდი-19“-ია. ორი მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა. დანარჩენი საშუალო სიმძიმის. ყველა ჟანგბადდამოკიდებულია, მართვით სუნთქვაზე არც ერთი არ არის. ხვალ უნდა გავაგზავნოთ წესით 13 ტესტი. ვნახოთ, შეიძლება დილისთვის რიცხვი შეიცვალოს“,- განაცხადა დევი ტაბიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 425 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 111 გამოჯანმრთელდა.