რესპუბლიკურ საავადმყოფოს იაპონიის მთავრობისგან 1.8 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა
რესპუბლიკურ საავადმყოფოს იაპონიის მთავრობისგან 1.8 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (რესპუბლიკური საავადმყოფო) 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობები კლინიკას იაპონიის მთავრობამ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით გადასცა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით და პერსონალის შესაბამისი გადამზადებით.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ტარო ჰონდა, იაპონიის საელჩოსა და JICA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ზურაბ აზარაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით გაეწია.

„ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე, სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც პანდემიის დროს იყო კოვიდკლინიკა, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის ეტაპზეა. გადმოცემული ტექნიკის საშუალებით, რესპუბლიკური საავადმყოფო მნიშვნელოვნად გააფართოებს სერვისებს და მოქალაქეებს კიდევ უფრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2021 წლის ივლისში მოეწერა ხელი. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული უმსხვილესი სახელმწიფო კლინიკაა.