Responsible Statecraft-ი სტივ ნიკანდროსის სტატიას აქვეყნებს – ცივი ომი დასრულდა, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს ჰელსინკის კომისიამ დაკისრებული მისია უკვე შეასრულა, დადგა დრო, საქმიანობა შეწყვიტოს
სახელმწიფოს თითოეულ უწყებას პერიოდულად ერთი მარტივი კითხვა უნდა დავუსვათ: კვლავ ასრულებს თუ არა იმ მისიას, რომლისთვისაც კონგრესმა შექმნა, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი ამერიკულ გამოცემა Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს.
ნიკანდროსი განმარტავს, რომ აშშ-ის ჰელსინკის კომისია კონგრესმა 1976 წელს, ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ შექმნა.
მისი თქმით, კომისიის თავდაპირველი დანიშნულება „ჰელსინკის შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი იყო.
როგორც ნიკანდროსი აღნიშნავს, თავად „ჰელსინკის პროცესი“ ცივი ომის პერიოდში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის შემცირებას, სამხედრო გამჭვირვალობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად და მოგვიანებით სწორედ მის საფუძველზე ჩამოყალიბდა დღევანდელი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო/OSCE).
მისივე თქმით, ამჟამად ჰელსინკის კომისიის წევრები აშშ-ის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიც წარმოადგენენ.
„არსებობს მხოლოდ ერთი პრობლემა: ცივი ომი სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ დასრულდა და საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია თავისი 3-მილიონიანი წლიური ბიუჯეტით კვლავ აგრძელებს საქმიანობას. დღეს საკითხი ის კი არ არის, ჰქონდა თუ არა კომისიას ოდესღაც მნიშვნელოვანი დანიშნულება, საკითხავია, რატომ დაუშვა კონგრესმა, რომ საქმიანობა იმ მისიის ფარგლებს მიღმაც გააგრძელოს, რომლისთვისაც თავდაპირველად შეიქმნა.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ კომისიის მუდმივი და მიკერძოებული ყურადღება აჩვენებს, რატომ იმსახურებს ეს საკითხი სერიოზულ განხილვას. ყველაზე ბოლოს, 2026 წლის 8 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ იქნა „რეზოლუცია საქართველოში არჩევნების სამართლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ“. ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ეს რეზოლუცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული კონსერვატიული მთავრობის წინააღმდეგ პოლიტიკური შეტევა იყო და წარმოადგენდა იმ ინსტიტუციური უფლებამოსილების გადამეტების მაგალითს, რომელიც სულ უფრო მეტად ახასიათებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიას“, – წერს ნიკანდროსი.
მისივე აზრით, ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომას.
„2026 წლის 16 ივლისს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვაშინგტონში საქართველოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს უმასპინძლა, რათა 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მაღალი დონის მინისტერიალში მიეღო მონაწილეობა. ერთი დღის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პირადად მისწერა, მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრობისთვის და დაადასტურა სურვილი, გაძლიერდეს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და გრძელვადიანი კეთილდღეობის მხარდასაჭერად. თუმცა, იმავე პერიოდში კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეშვეობით ისეთი რეზოლუციის მიღებას უწყობდა ხელს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად იზოლირებას ისახავდა მიზნად. ჰელსინკის კომისიის მეშვეობით ჯო უილსონი არაერთხელ გამოვიდა საქართველოს მიმართ მიკერძოებული საგარეო პოლიტიკური ინიციატივებით, რომლებიც ადმინისტრაციის უფრო მეგობრულ მიდგომას ეწინააღმდეგება. მსგავსი ნაბიჯებით კომისია გასცდა თავდაპირველ საზედამხედველო მისიას და დამოუკიდებელ პლატფორმად იქცა, რომლის მეშვეობითაც კონგრესის ცალკეული წევრები საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებენ საგარეო პოლიტიკურ ინიციატივებს,“ – აღნიშნავს ნიკანდროსი.
როგორც ნიკანდროსი აღნიშნავს, საქართველოს წინააღმდეგ ჰელსინკის კომისიის კამპანია ეფუძნება დაუმტკიცებელ მოსაზრებას, რომ ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ეუთო-ს განცხადებით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ზეწოლამ და ქვეყანაში უცხოური გავლენის შემცირების მიზნით მიღებული კანონის ამოქმედებამ დააზიანა. ნაწილობრივ სწორედ ამ გარემოებების საპასუხოდ ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა. თუმცა, არცერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, მათ შორის ეუთო-ს, არჩევნების შედეგები არ უარუყვია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შედეგები საქართველოს კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად დადასტურდა და გადათვლის შემდეგაც ძალაში დარჩა. ხმების თითქმის 90% საერთაშორისო კომპანია Smartmatic-ის მიერ მოწოდებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამოყენებით დაფიქსირდა, რომელიც ამერიკულმა ლაბორატორიამ Pro V&V-მ დამოუკიდებლად შეამოწმა.
„1997 წლიდან ჩემი კომპანია საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში ვხედავდი, როგორ მიესალმებოდა საქართველო ამერიკულ კომპანიებს ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში და აშშ-ის ინვესტიციებს ეკონომიკური ზრდისა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევდა. ასევე ვხედავდი, როგორ გადაიქცა საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, რომელსაც მრავალი გამოწვევა ჰქონდა, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სტრატეგიულ პარტნიორად და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნების ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად. ჩემი პირადი გამოცდილება არაფრით ჰგავს იმ სურათს, რომელსაც უილსონი და ჰელსინკის კომისია მუდმივად წარმოაჩენენ“, – წერს ნიკანდროსი.
ნიკანდროსი ასევე აღნიშნავს, რომ თავად ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობაშიც გაჩნდა ჯო უილსონის მიდგომის მიმართ უკმაყოფილება. ავტორის თქმით, კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა უილსონს საჯაროდ მოუწოდა „საკუთარი თავის შერცხვენა შეეწყვიტა“, როდესაც ის სამხრეთ კაროლინაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2027 წლის სესიის ჩატარებას ლობირებდა.
„საქართველოს მიმართ კომისიის დამოკიდებულებაში უფრო ფართო და შემაშფოთებელი ტენდენცია იკვეთება. საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენებზე სისტემატურად იწვევდნენ დემოკრატიულად არჩეული კონსერვატიული მთავრობის მიკერძოებულ კრიტიკოსებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს, მაშინ როდესაც განსხვავებული პოზიციის მქონე სანდო მოწმეებს მონაწილეობის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ. შედეგად, ჩამოყალიბდა ცალმხრივი პოლიტიკური ნარატივი“, – წერს ნიკანდროსი.
წერილის ავტორი მაგალითად ასახელებს 2025 წლის სექტემბერში გამართულ მოსმენას, სახელწოდებით „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული შემობრუნება“ – მთავარ მოწმედ ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო მიწვეული, ხოლო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და განსხვავებული პოზიციის მქონე მოწმეები მოსმენაზე არ ყოფილან წარმოდგენილი.
„ჯო უილსონი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას არაერთხელ მოიხსენიებდა „არალეგიტიმურად“ და „ანტიამერიკულად“, მაშინ, როდესაც ეს შეფასებები აშკარად ეწინააღმდეგება აშშ-სა და საქართველოს შორის ოფიციალურ ურთიერთობებს, მათ შორის ადმინისტრაციისა და კონგრესის ორივე პალატის წევრების მიერ თანამშრომლობის გაგრძელებას,“ – წერს ნიკანდროსი.
მისივე აზრით, კომისიის საქმიანობა უარყოფითად აისახება აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებზეც, რადგან ზრდის პოლიტიკური რისკების აღქმას, აფერხებს ინვესტიციებს და საქართველოში მოქმედ ამერიკულ კომპანიებს არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს.
„აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ თითქმის 50 წლის წინ დაკისრებული მისია უკვე შეასრულა. ცივი ომი დასრულდა, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და კომისიამ იმ მიზანს გადააჭარბა, რომლისთვისაც შეიქმნა. საქართველოს მიმართ მისმა მოქმედებებმა აჩვენა, რამდენად შორს წავიდა იგი თავდაპირველი მისიიდან. დადგა დრო, კონგრესმა და ადმინისტრაციამ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ინტერესებიდან გამომდინარე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის საქმიანობა შეწყვიტონ“, – წერს ნიკანდროსი.