Responsible Statecraft – „შეძლებს თუ არა ტრამპი თავისი „სუეცის მომენტის“ გამოყენებას და ჰორმუზის შესახებ შეთანხმების მიღწევას?“

09:30, 07.08.2026

შეძლებს თუ არა ტრამპი თავისი „სუეცის მომენტის“ გამოყენებას და ჰორმუზის შესახებ შეთანხმების მიღწევას?, – ამ სათაურით საავტორო სტატიას Responsible Statecraft აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ომანი და ირანი, როგორც ჩანს, სრუტის დროებით გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან. ვაშინგტონი ამას უნდა მიესალმოს, თუკი შეთანხმება უზრუნველყოფს თავისუფალ და ღია ნაოსნობას.

„ომანი და ირანი, როგორც ჩანს, ახლოს არიან ჰორმუზის სრუტის დროებით გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან, რაც პოტენციურად, როგორც მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ამ ეტაპის დასრულების შესაძლებლობას შექმნის, ისე შექმნის საფუძველს უფრო მდგრადი საზღვაო წესრიგისთვის. ვაშინგტონი ასეთ შეთანხმებას უნდა მიესალმოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი აღიარებს ირანის გარკვეულ უფლებამოსილებას სრუტეში გადაადგილების ადმინისტრირებაზე“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი მიიჩნევს, აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს თავისუფალ გადაადგილებას და არა სრუტის კონტროლს.

ამასთან, პუბლიკაციის თანახმად, შემუშავებული ფორმულა საზღვაო გზებზე პასუხისმგებლობის გაყოფას ითვალისწინებს.

„სპარსეთის ყურეში შემავალი გემები ირანის მიერ ადმინისტრირებულ წყლებში იმოძრავებენ, ხოლო ყურიდან გამავალი გემები ომანის მიერ ადმინისტრირებულ მარშრუტზე. ირანს მიაწვდიან ინფორმაციას გამავალი გემების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ჯერ არ განხილულა, როგორც ჩანს, თეირანი მზად არის, ომანსაც მიაწოდოს ინფორმაცია შემომავალი გემების შესახებ. შესაძლოა, ირანმა და ომანმა შეაგროვონ და გაინაწილონ საფასური კონკრეტული უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი მომსახურებისთვის, თუმცა ეს მგრძნობიარე საკითხი ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და, არსებული ინფორმაციით, ნებისმიერი შეთანხმება დაკავშირებული იქნება ირანის პორტების წინააღმდეგ მოქმედი ამერიკული ბლოკადის მოხსნასთან“, – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორი აღნიშნავს, რომ „ეს შეთანხმება თეირანის პოზიციის შერბილებას წარმოადგენს“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ირანის თავდაპირველი პოზიცია ითვალისწინებდა, რომ ორივე მიმართულებით მოძრავ გემებს ირანისა და ომანის წყლების გარკვეული მონაკვეთი უნდა გაევლოთ.

„ეს იმას ნიშნავდა, რომ სპარსეთის ყურეში უკვე შესული გემებიც კი ირანის მიერ ადმინისტრირებულ სატრანზიტო სისტემას დაექვემდებარებოდნენ. საზღვაო მარშრუტების შემოთავაზებული გაყოფა ომანს გამავალ გემებზე ძირითად პასუხისმგებლობას მიანიჭებს და შეამცირებს იმ გემების რაოდენობას, რომლებსაც ირანის მხრიდან ნებართვა ან კოორდინაცია დასჭირდებათ“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორის შეფასებით, შეთანხმება წარმატებით თუ განხორციელდა და ვაშინგტონი მას დათანხმდა, ამან შესაძლოა, სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებების დასრულებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

„ჯერ გაურკვეველია, აღადგენს თუ არა ეს შეთანხმება აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, თუ ახალი ჩარჩოს შექმნა გახდება საჭირო. ამასთან, შეთანხმება თავისთავად ვერ აგვარებს ორ სხვა მნიშვნელოვან დაბრკოლებას: ირანის მოთხოვნას რეგიონული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ვაშინგტონის მოთხოვნებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ავტორი არ გამორიცხავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება ვაშინგტონსა და ისრაელში ხისტი პოზიციის მქონე ძალების მხრიდან.

„ისინი გააპროტესტებენ ამ შეთანხმებას როგორც ირანისა და ომანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვის დე ფაქტო აღიარებასა და ლეგიტიმაციას“, – აღნიშნულია სტატიაში, თუმცა, ავტორის მოსაზრებით, „ეს კრიტიკა ეფუძნება გაუგებრობას იმის თაობაზე, რა არის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის მთავარი ინტერესი: სავაჭრო გემების თავისუფალი და პროგნოზირებადი მოძრაობა, თუ მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის კონტროლის დამყარების შესაძლებლობის აღკვეთა“.

„ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ მიზნად ასახელებს ჰორმუზის სრუტეზე ირანის „კონტროლის“ აღკვეთას. თუმცა სტრატეგიულ საზღვაო გზებთან დაკავშირებით ამერიკის ისტორიული ინტერესი ნაკლებად იყო დაკავშირებული იმასთან, ვინ ახორციელებს ადმინისტრირებას და უფრო მეტად იმასთან, შეძლებენ თუ არა გემები თავისუფლად, გეგმაზომიერად და დისკრიმინაციის გარეშე გადაადგილებას. მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის იძულებითი ზეწოლის შესაძლებლობის მოპოვების აღკვეთა, როგორც წესი, ნაოსნობის თავისუფლების დაცვის საშუალება იყო და არა მიზანი, რომელიც თავად თავისუფალ გადაადგილებაზე მაღლა დგას“, – აცხადებს ავტორი.

მისი მოსაზრებით, „ვაშინგტონმა შეთანხმება მხოლოდ იმის გამო არ უნდა უარყოს, რომ ის ამერიკული აბსოლუტური დომინირების ილუზიას არ ინარჩუნებს“. ამ კონტექსტში, სტატიის ავტორს მაგალითად მოჰყავს სუეცის არხის გარშემო განვითარებული მოვლენები.

„სუეცის კრიზისი ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია. 1956 წელს ეგვიპტის პრეზიდენტმა, გამალ აბდელ ნასერმა, სუეცის არხის კომპანიის ნაციონალიზაცია მოახდინა, რითაც ბრიტანეთი და საფრანგეთის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო არტერიაზე კონტროლს დაემშვიდობა. ლონდონმა და პარიზმა ნაციონალიზაცია მხოლოდ ეკონომიკურ ზიანად კი არა, სტრატეგიულ დამცირებადაც აღიქვეს და ისრაელთან ერთად ეგვიპტეში შეიჭრნენ. პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა მათ მხარდაჭერაზე უარი თქვა. ანგლო-ფრანგული შეჭრის უარყოფის შემდეგ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციამ ბრიტანული ან საერთაშორისო საკუთრების აღდგენა ეგვიპტის მიერ არხის ადმინისტრირების გაგრძელების წინაპირობად არ დააყენა. ამის ნაცვლად, ვაშინგტონი შეეწინააღმდეგა შეჭრას და დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას შეუწყო ხელი, რომელიც საერთაშორისო წვდომას ინარჩუნებდა. შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი ხაზს უსვამდა არხის თავისუფალ გამოყენებას ყველა ქვეყნის გემისთვის თანაბარ პირობებში, ამავდროულად კი, ეგვიპტეს არხის ადმინისტრირებისა და დაცვის პასუხისმგებლობას უტოვებდა. ეგვიპტის კონტროლი არ ნიშნავდა ეგვიპტის შეუზღუდავ დისკრეციას. სწორედ ეს განსხვავება იყო გადამწყვეტი. ვაშინგტონს შეეძლო ეღიარებინა ეგვიპტის სუვერენიტეტი არხზე და ამავე დროს მოეთხოვა, რომ ეს სუვერენიტეტი განხორციელებულიყო იმ წესების ფარგლებში, რომლებიც არადისკრიმინაციულ ნაოსნობას უზრუნველყოფდა. ამერიკის უმთავრესი ინტერესი არ იყო ის, რომელი ქვეყნის დროშა ფრიალებდა არხის ადმინისტრაციაზე; მთავარი იყო, რომ არხი საერთაშორისო წესების შესაბამისად ღია დარჩენილიყო“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ავტორს კიდევ ერთ მაგალითად მოჰყავს თურქეთის სრუტეები.

„1936 წლის მონტრეს კონვენციის საფუძველზე თურქეთმა ბოსფორსა და დარდანელებზე კონტროლი აღადგინა, მათ შორის მათი ხელახალი მილიტარიზაციისა და დაცვის უფლება. თუმცა კომერციულმა გემებმა საერთაშორისო დონეზე აღიარებული რეჟიმის ფარგლებში თავისუფალი გადაადგილების უფლება შეინარჩუნეს. შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში შეეგუა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზის ფართო უფლებამოსილებას ნატო-ს მოკავშირე თურქეთი ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს შეუძლია სამხედრო გემების გადაადგილების რეგულირება და ომის დროს დამატებითი უფლებამოსილებების გამოყენება“, – წერს ავტორი.

მისივე მოსაზრებით, „სამხრეთ ჩინეთის ზღვა იმავე საკითხს სხვა კუთხით აჩვენებს. შეერთებული შტატები იქ ტერიტორიაზე პრეტენზიას არ აცხადებს და სადავო ობიექტების უმეტესობაზე სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ პოზიციას არ აფიქსირებს. ვაშინგტონი ეწინააღმდეგება გადაჭარბებულ საზღვაო პრეტენზიებს, იძულებას და ნაოსნობისა და ფრენის უკანონო შეზღუდვებს. ამერიკული სამხედრო-საზღვაო ოპერაციები მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, რომ გემებსა და თვითმფრინავებს შეუძლიათ საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული უფლებებით ისარგებლონ, მიუხედავად იმისა, რომელი სახელმწიფო აცხადებს პრეტენზიას ახლომდებარე კლდეებზე, რიფებსა თუ წყლებზე“.

„ვაშინგტონს, რა თქმა უნდა, აწუხებს ჩინეთის მზარდი რეგიონული ძალაუფლება. თუმცა მისი სამართლებრივი პოზიცია არ მდგომარეობს იმაში, რომ შეერთებულმა შტატებმა თავად უნდა აკონტროლოს სამხრეთ ჩინეთის ზღვა. მისი პოზიციაა, რომ არც ერთ სანაპირო სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება, სადავო წყლები ექსკლუზიურ სივრცედ აქციოს ან გემების კანონიერი გადაადგილებისთვის პოლიტიკური მორჩილების პირობა დააყენოს“, – წერს ავტორი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ირანი ვაშინგტონში მტრულ სახელმწიფოდ აღიქმება, ხოლო ამერიკელი ოფიციალური პირებიდან ცოტას თუ მოეწონება შეთანხმება, რომელიც თეირანს საშუალებას მისცემდა, სურვილის შემთხვევაში ჰორმუზის სრუტე ჩაეკეტა.

„შესაბამისად, ნებისმიერ შეთანხმებას სანდო გარანტიები უნდა ახლდეს: გადაადგილება უნდა იყოს არადისკრიმინაციული; შეტყობინების პროცედურები არ უნდა გადაიქცეს გემებისთვის ნებართვის გაცემის დისკრეციულ სისტემად; მომსახურების საფასური უნდა შემოიფარგლოს რეალურად გაწეული მომსახურებისთვის გონივრული გადასახადებით და არ უნდა იქცეს პოლიტიკურ გადასახადად; დავების შემთხვევაში კი, უნდა არსებობდეს შეთანხმებული საერთაშორისო მექანიზმი“, – წერს სტატიის ავტორი, თუმცა, ავტორის მოსაზრებით, „ვაშინგტონმა ასევე უნდა აღიაროს ის სტრატეგიული რეალობა, რომელიც ომმა გამოავლინა“.

„კონფლიქტს ირანისთვის სრუტის ჩაკეტვის შესაძლებლობა არ შეუქმნია. მან გამოავლინა შესაძლებლობა, რომელიც ირანს უკვე ჰქონდა, შესაძლოა, იმაზე მეტად, ვიდრე ამას ვაშინგტონი ან თავად თეირანი სრულად აცნობიერებდა. რაც მთავარია, ასეთი რეალობის დიპლომატიური შეთანხმებით აღიარება ირანის სამხედრო ძალაუფლებას არ გაზრდის. პირიქით, მიზანი იქნება ამ შესაძლებლობის შეზღუდვა სამართლებრივად და პოლიტიკურად სავალდებულო შეთანხმებით, რომლის შენარჩუნებაც შესაძლებელი იქნება იმ მარტივი მიზეზით, რომ ის ყველა შესაბამისი მხარის ძირითად ინტერესებს აკმაყოფილებს“, -წერს ავტორი.

მისივე მოსაზრებით, შეთანხმების ალტერნატივად იმის დაჟინებით მოთხოვნაა, რომ ირანის კონტროლის ნებისმიერი სიმბოლური გამოხატულებაც კი მიუღებელია. მაგრამ თუ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია საიმედოდ აღმოფხვრას ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას გემების გადაადგილებას, მაშინ მიზანი, რომლის მიღწევაც ვაშინგტონმა დღემდე ვერ შეძლო და, როგორც ჩანს, სულ უფრო ნაკლებად შეუძლია, ასეთ პოზიციას სრუტის გასახსნელად პრაქტიკულ გზას არ უხსნის. ამის ნაცვლად, ის ქმნის უსასრულო ომის პირობებს“, – წერს ავტორი.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ტრამპი თუ დაასკვნის, რომ სრუტის გახსნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ირანისთვის ნებისმიერი ხილული ადმინისტრაციული უფლებამოსილების ჩამორთმევა, შეთანხმების მიღწევა, როგორც ჩანს, შესაძლებელია.

„ის თუ გადაწყვეტს, რომ ამერიკული პირველობა მოითხოვს ნებისმიერი შეთანხმების უარყოფას, რომელიც ირანის გავლენას აღიარებს, სავარაუდო შედეგი განახლებული სამხედრო მოქმედებები იქნება“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტეზე წვდომის კონტროლის ამაღლება უფრო ფართოდ უკავშირდება ომის შემდგომ პერიოდში ამერიკის მიერ გლობალური პირველობისკენ სწრაფვას.

„შეთანხმება, რომელიც ირანისა და ომანის ადმინისტრირებას პროგნოზირებად, არადისკრიმინაციულ საერთაშორისო სტანდარტებს დაუქვემდებარებს, შესაძლოა, მიმზიდველად არ გამოიყურებოდეს, თუმცა ის დააკმაყოფილებს ამერიკის ძირითად ინტერესს – თავისუფალ კომერციულ გადაადგილებას რეგიონში, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობაც სწრაფად მცირდება. ვაშინგტონმა შეთანხმება უნდა შეაფასოს იმის მიხედვით, შეძლებენ თუ არა გემები სრუტეში გადაადგილებას და არა იმის მიხედვით, შეინარჩუნებს თუ არა შეთანხმება ილუზიას, რომ ირანს არ აქვს გავლენა იმ წყლებზე საკუთარი სანაპიროს გასწვრივ, რომლებზეც, როგორც ახლა ვიცით, მას ყოველთვის ჰქონდა გარკვეული ძალაუფლება“, – აღნიშნავს ავტორი.

მსგავსი