რექს ტილერსონი - საერთაშორისო ზეწოლით ჩრდილოეთ კორეა პოლიტიკას შეცვლის 
რექს ტილერსონი - საერთაშორისო ზეწოლით ჩრდილოეთ კორეა პოლიტიკას შეცვლის 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დაასახელა. რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ფხენიანიდან მომდინარე მუქარა მთელი მსოფლიოსთვის ყურადსაღებია.

„მიუხედავად იზოლაციისა და გამკაცრებული სანქციებისა, ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს ბალისტიკური რაკეტების უკანონო გამოცდას, განაგრძობს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა პოლიტიკა შეცვალოს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

რექს ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეის მთავარ მოკავშირეებს – ჩინეთსა და რუსეთს მოუწოდა, განახორციელონ ზეწოლა ფხენიანის რეჟიმზე იმ მიზნით, რომ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი ზომებს მიიღებს.

ორი დღის წინ რექს ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, მთავარია მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. აღნიშნული პოზიცია მან დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა.

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა ოფიციალურად 2006 წელს დაიწყო. ფხენიანის რეჟიმმა ბალისტიკური რაკეტა რამდენჯერმე წარმატებით გამოსცადა, რის გამოც გაერო-ს უშიშროების საბჭომ ფხენიანს სანქციები ბოლო ექვს თვეში ორჯერ გაუმკაცრა.