„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთში მთავრობის კრიტიკის გამო ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი ბლოგერების სიცოცხლე რისკის წინაშე დგება
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთში მთავრობის კრიტიკის გამო ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი ბლოგერების სიცოცხლე რისკის წინაშე დგება. უფლებადამცველების მონაცემებით, 2000 წელს ვლადემირ პუტინის გაპრეზიდენტებიდან რუსეთში სულ მცირე 36 ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო მედიის რამდენიმე თანამშრომლის მკვლელობა შხამის გამოყენებით სცადეს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მთავრობის კრიტიკოსები განიცდიან მუქარებს ან ფიზიკურ ძალადობას. ერთ-ერთ მაგალითად უფლებადამცველები გასულ კვირას ოპოზიციონერი ბლოგერისა და აქტივისტის, ეგორ ჟუკოვის ცემას ასახელებენ.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი დანაშაულისთვის დაუსჯელობა რუსეთში სერიოზული პრობლემაა.
„ეს არის დამანგრეველი გზავნილი, როდესაც ისინი, ვინც განსხვავებული აზრის მქონე პიროვნებას თავს ესხმიან, საკუთარი ქმედებებისთვის პასუხს არ აგებენ. ეს მეტყველებს იმაზე, მათ, ვინც მთავრობის კრიტიკოსებს ესხმის, არაფრის უნდა ეშინოდეთ. სწორედ ეს არის ამ დანაშაულების მიზანი: დათესონ შიში და ჩაახშონ კრიტიკული ხმები“, – განაცხადა ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ მმართველმა დირექტორმა კრისტიან მიჰრმა.