„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - აშშ-ში ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო შოკირებულები ვართ
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - აშშ-ში ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო შოკირებულები ვართ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აშშ-ში ჟურნალისტებზე თავდასხმების შემთხვევებს გმობს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პოლიციის მხრიდან რეპორტიორებისა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობა დონალდ ტრამპის რიტორიკით არის გამოწვეული, რომელიც მედიასაშუალებების დემონიზებას ახდენს.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან მირმა განაცხადა, პოლიციამ უნდა დაიცვას რეპორტიორები, რომლებიც აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ და არ უნდა შეუშალონ ხელი მათ მუშაობას.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ იუწყება, რომ ბოლო დღეებში აშშ-ის 30 ქალაქში ჟურნალისტებზე თავდასხმის 68 შემთხვევა დაფიქსირდა. მათივე ცნობით, რეპორტიორების წინააღმდეგ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი. ამასთან, სამართალდამცველებმა რამდენჯერმე დააკავეს ჟურნალისტები. მათ შორის „სიენენის“ გადამღები ჯგუფი, ასევე ავსტრალიური ტელეკომპანია „9ნიუსის“ ჟურნალისტები და ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობდა „ფრანს პრესისთვის“. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტები ​დემონსტრანტების ქმედებების გამო დაშავდნენ.

დატოვე კომენტარი