რეპორტაჟი ფრონტისპირა სოფელ პროსიანიდან, სადაც სულ 100-მდე ადამიანი დარჩა

17:52, 23.10.2026
სოფელი პროსიანა (დნეპროპეტროვსკის ოლქი) საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან 30 კმ-ში მდებარეობს. 2026 წლის ოქტომბერი / ფოტოს ავტორი: იური ტინი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის დნიპროს ოფისი (Суспільне Дніпро)

სოფელი პროსიანა (დნეპროპეტროვსკის ოლქი) საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან 30 კმ-ში მდებარეობს. 2026 წლის ოქტომბერი / ფოტოს ავტორი: იური ტინი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის დნიპროს ოფისი (Суспільне Дніпро)

სოფელი პროსიანა, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვოს რაიონში მდებარეობს, ფრონტის ხაზიდან 30 კილომეტრით არის დაშორებული. ამჟამად დასახლება ნახევრად განადგურებულია – ათობით მიწასთან გასწორებული სახლი, ცარიელი ქუჩები და მიტოვებული ცხოველები… უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ბოლოს აქ 2026 წლის თებერვალში იმუშავეს; მას შემდეგ ისინი, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო, დასახლებაში შესვლას ვერ ახერხებდნენ.

როგორ ცხოვრობს ფრონტისპირა სოფელი 2026 წლის ოქტომბერში – ამის შესახებ არის საუბარი უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის დნიპროს ოფისის პროექტ „წითელი ზონის“ რეპორტაჟში.

პროსიანაში ავტომობილით გადაადგილება ძალიან საშიშია, ამიტომ გადამღები ჯგუფი, 148-ე მექანიზებული ბრიგადის პრესოფიცერ სერგეი კოლესნიჩენკოს თანხლებით, სოფელში ფეხით მოძრაობს. ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე „ნოვაია პოჩტას“ პირველი განყოფილება და ერთ-ერთი მაღაზია მდებარეობს.

2024 წლის შუა პერიოდში, პროსიანაში დაახლოებით 4 000 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა, ახლა კი ირგვლივ მხოლოდ დანგრეული ხუთსართულიანი შენობები ჩანს.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი, რომან მიხაილჩუკი პროსიანაში / ფოტოს ავტორი: იური ტინი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის დნიპროს ოფისი (Суспільне Дніпро)

„პროსიანას ცენტრიდან საბრძოლო მოქმედებების ხაზამდე ახლა დაახლოებით 30 კმ-ია. მტრის FPV ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და „მოლნიას“ ტიპის დრონები აქამდე აღწევს, თუმცა ასეთ მანძილზე ისინი შედარებით უსაფრთხოა. როცა პროსიანა ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრში იყო, მაშინ FPV-დრონების აქტივობა ბევრად უფრო მაღალი იყო“, – ამბობს სერგეი კოლესნიჩენკი.

შენობა, რომელშიც ადრე ფოსტა და მაღაზია იყო განთავსებული. პროსიანა, 2026 წლის ოქტომბერი / ფოტოს ავტორი: იური ტინი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის დნიპროს ოფისი (Суспільне Дніпро)

15 წელზე მეტია, რაც სვეტლანა პროსიანაში ცხოვრობს. მისი თქმით, სოფელში ამჟამად არც გაზია და არც ელექტროენერგია. რუსეთის ფედერაციის ჯარები დასახლებას მართვადი ავიაბომბებითა (KAB) და დრონებით ესხმიან თავს.

„მუდმივი აქ არაფერია. არავინ იცის, შემოტევა როდის დაიწყება, რამდენ და რა ტიპის დრონებს გამოიყენებენ. დღისით, როცა არაფერი ხდება, თითქოს სიწყნარეა, მაგრამ ყოველ ღამე ერთი და იგივე მეორდება – КАБ-ები, КАБ-ები, КАБ-ები“, – ამბობს სვეტლანა.

პროსიანაში მცხოვრები სვეტლანა / ფოტოს ავტორი: იური ტინი, უკრაინის საზოგადოებრი მაუწყებლის დნიპროს ოფისი (Суспільне Дніпро)

მისი თქმით, აქაურ ძაღლებს კვებავს. ამაში მეგობრები და მეზობლები ეხმარებიან, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებით მიღებულ ბურღულეულს აძლევენ, ის კი ცხოველებისთვის ფაფას ხარშავს.

„ძალიან რომ მიჭირდეს, ალბათ სადმე სხვაგან წავიდოდი. მაგრამ მარტოობას შევეჩვიე… არაფერს ველოდები, უბრალოდ, ჩემთვის ვცხოვრობ – სულ ეს არის. რას უნდა ველოდო? რა თქმა უნდა, მშვიდობა მინდა. მაგრამ ჩემი სურვილი რას შეცვლის? არაფერს. დაახლოებით ასი კაციღა დარჩა ამ სოფელში. მალომიხაილივკაშიც ცხოვრობს ხალხი – ისიც ჩვენი თემის სოფელია. იქიდანაც მოდიან აქ ადამიანები, ბევრ მათგანს ვიცნობთ. ერთ იქაურ ქალს სახლი დაენგრა, მაგრამ მაინც ვერსად მიდის, რადგან თხა და ქათმები ჰყავს, მეურნეობას უძღვება. ჩემთან შემოვუშვი, ვუთხარი: მოდი, ჩემთან ხოლმე, აქ გაათიე ღამეები-მეთქი… თითქმის ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთს ეხმარება; ყოველ შემთხვევაში – ვცდილობთ“, – გვიყვება სვეტლანა.

რკინიგზის სადგური პროსიანაში / ფოტოს ავტორი: იური ტინი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის დნიპროს ოფისი (Суспільне Дніпро)

პროსიანაში რკინიგზის სადგური არ ფუნქციონირებს; შენობას ჩამსხვრეული ფანჯრები და დაზიანებული კარები აქვს. ალექსანდრე ამბობს, რომ ადრე აქ ლიანდაგების მომვლელ-შემკეთებლად მუშაობდა.

„აქ დავიბადე, ომის დროს სამსახურიდან ჩამომწერეს… არსად წავსულვარ. იძულებით გადაადგილებულ პირთა ცენტრებში წასვლა არ მინდა. ხალხი იქიდან უკან დაბრუნდა და ამბობს, რომ მაინცდამაინც კარგი პირობები არ არის“, – დასძინა ალექსანდრემ.

პროსიანას მცხოვრები ალექსანდრე / ფოტოს ავტორი: იური ტინი, უკრაინის საზოგადოებრი მაუწყებლის დნიპროს ოფისი (Суспільне Дніпро)

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, პროსიანას თითქმის ნახევარი დანგრეულია. ამჟამად სოფელში, ევაკუაციის მისიით, მხოლოდ პოლიციის პატრული „თეთრი ანგელოზი“ შედის.

სოფელში ყოფნისას, ჟურნალისტები და ცხოველთა მოხალისე დამცველი ადგილობრივ მცხოვრებს დაჭრილი ძაღლის გადაყვანაშიც დაეხმარნენ და მოგვიანებით, ის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს. ძაღლი, აფეთქების შემდეგ, ბეტონის ბლოკის ქვეშ მოჰყვა და თათები დაუზიანდა.

 

დაშავებული ძაღლი / ფოტოს ავტორი: იური ტინი, უკრაინის საზოგადოებრი მაუწყებლის დნიპროს ოფისი (Суспільне Дніпро)
ცხოველთა მოხალისე დამცველი, ოლენა ბარბიანოვა /ფოტოს ავტორი: იური ტინი, უკრაინის საზოგადოებრი მაუწყებლის დნიპროს ოფისი (Суспільне Дніпро)

მასალა მომზადებულია პროექტის „ჟურნალისტთა დაზღვევის საერთაშორისო ფონდის“ მხარდაჭერით, რომელსაც „უკრაინის დამოუკიდებელ რეგიონულ გამომცემელთა ასოციაცია“ ახორციელებს. ეს პროექტი წარმოადგენს პროგრამა „Voices of Ukraine / SAFE“-ის ნაწილს, რომლის კოორდინატორია პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი.

სტატიის ავტორი: ირინა რუდენკო, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი, 2026 წელი, 22:20 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი