რეპეტიცია ჰალანდთან არ შედგა - ხოჭოლავა შესანიშნავი იყო, „კოპენჰაგენმა“ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ ქულები წაართვა #1TVSPORT
დათა ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდა ჩააბარა – საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი „კოპენჰაგენში“ პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა – მატჩი ფრედ დასრულდა, ქართველმა მცველმა კი შესანიშნავად ითამაშა.
ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მე-4 ტურის მატჩში ხოჭოლავა „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მარჯვენა ცენტრალურ მცველად ვიხილეთ. მან 80 წუთი ითამაშა და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის წინააღმდეგ კარგი თამაში ჩაატარა.
ხოჭოლავას ნორვეგიელი ერლინგ ჰალანდის წინააღმდეგ თამაში არ მოუხდა, რომელთან დაპირისპირებაც ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ფორმით მოუწევს. ინგლისური გრანდის ნორვეგიელი სუპერფორვარდი, რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო, პეპ გვარდიოლამ სათადარიგოებში დატოვა. სამაგიეროდ, მოედანზე იყო ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი.
„მანჩესტერ სიტი“ პირველივე წუთებიდან შეტევაში იყო და მიზნის მიღწევა შეეძლო, მაგრამ მშვენიერი შანსები გაანიავა. მე-11 წუთზე მეტოქის კარი აიღეს, მაგრამ როდრის გოლამდე ვიდეორეფერიმ მისი თანაგუნდელის ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. 25-ე წუთზე ინგლისელებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მიეცათ – ამჯერად ვიდეორეფერიმ ხელით ნიკოლა ბოილესენს („კოპენჰაგენი“) საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში დაუფიქსირა და მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა. თუმცა, რიად მაჰრეზის („მანჩესტერ სიტი“) დარტყმული ბურთი დანიელთა მეკარე კამილ გრაბარამ მოიგერია. ამას დაემატა ისიც, რომ 30-ე წუთზე არბიტრმა სერხიო გომესი („მანჩესტერ სიტი“) ისევ VAR-ის დახმარებით მოედნიდან გააძევა. მატჩი კი უგოლოდ დასრულდა – 0:0.
G ჯგუფში გამართული 4 ტურის შემდეგ „კოპენჰაგენი“ 2 ქულით მე-3 ადგილზეა, მაგრამ სათამაშოა ჯგუფის მეორე მატჩი „დორტმუნდსა“ (6 ქულა) და „სევილიას“ (1 ქულა) შორის, რომლის შედეგმაც, შესაძლოა სატურნირო ცხრილზე გავლენა მოახდინოს.