რენტგენული ლაზერის ექსპერიმენტში აღმოაჩინეს ყინული, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე იყინება — #1tvმეცნიერება
მსოფლიოში უდიდესი რენტგენული ლაზერით მიმდინარე ექსპერიმენტების დროს, ყინულის უცნაური ფაზა აღმოაჩინეს. გაიცანით ყინული XXI — უცნაური ფაზა, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე, უკიდურესი წნევის ქვეშ წარმოიქმნება.
აქ, დედამიწაზე, ჩვენთვის ყველაზე კარგად ცნობილ გამყარებულ წყალს ტექნიკურად ეწოდება ყინული I, მაგრამ ის მხოლოდ აისბერგის წვერია; მაგალითად, ნეპტუნზე რომ უცხოპლანეტელები არსებობდნენ, ისინი სასმელში ყინული XVIII-ს ჩაიყრიდნენ. სინამდვილეში, ჩვეულებრივი H2O სხვადასხვა ტემპერატურისა და წნევის ქვეშ ნივთიერების 20-ზე მეტ განსხვავებულ ფაზას წარმოქმნის.

ყინული XXI სიაში უახლესია. აქვს ტეტრაგონალური კრისტალური სტრუქტურა საკმაოდ დიდი განმეორებადი ერთეულებით, რომლებიც შედგება წყლის 152 მოლეკულისგან, რაც მას ყინულის ყველა სხვა ცნობილი ფაზისგან განასხვავებს.
თუმცა, სულაც არ უნდა ელოდოთ, რომ ყინული XXI-ის კუბიკებს სახლში, მაცივარში გააკეთებთ. ანდაც ნებისმიერი სახის მაცივრით.
გერმანიაში, ევროპულ XFEL ობიექტში, ალმასის საყრდენი უჯრედის გამოყენებით, წყალი 2 გიგაპასკალი წნევის (ზღვის დონეზე არსებულ ატმოსფერულ წნევაზე დაახლოებით 20 000-ჯერ მეტი) ქვეშ მოათავსეს 10 მილიწამის განმავლობაში.
შემდეგ წნევა ნელ-ნელა შეამცირეს, ერთი წამის განმავლობაში, შემდეგ კი პროცესი გაიმეორეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რენტგენის სხივებმა წამში მილიონი სურათი გადაიღო, რათა დაენახათ, თუ როგორ იცვლება კრისტალური სტრუქტურა.

როგორც აღმოჩნდა, ყინული XXI არის ერთ-ერთი რამდენიმე შესაძლო შუალედური ეტაპიდან წყლის გზაზე, რომ გახდეს ეგზოტიკური ფაზა, სახელად ყინული VI.
„ევროპული XFEL დანადგარის უნიკალური რენტგენული პულსებით აღმოვაჩინეთ კრისტალიზაციის მრავალი გზა H2O-ში, რომელიც ალმასის დინამიკური უჯრედის გამოყენებით სწრაფად შეიკუმშა და გაფართოვდა 1000-ზე მეტჯერ“, — ამბობს კორეის სტანდარტებისა და მეცნიერების კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკოსი გეუნ ვუუ ლი.
მკვლევართა განცხადებით, ყინული XXI-ის აღმოჩენა მიუთითებს, რომ ყინულოვან მთვარეებსა და პლანეტებზე შეიძლება არსებობდეს ყინულის სხვა, ჩვენთვის უცნობი ფაზები.
კვლევა Nature Materials-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია xfel.eu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.