რელიგიური დღესასწაულების მიუხედავად, იერუსალიმის ძველ ქალაქში უჩვეულო სიცარიელეა [ვიდეო]

კათოლიკურ, პროტესტანტულ, ანგლიკანურ და სომხეთის ეკლესიებში დღეს წითელი პარასკევის მსახურება ტარდება. ეს ეკლესიები 12 აპრილს აღდგომის დღესასწაულს იზეიმებენ. ერთი კვირის შემდეგ კი, 19 აპრილს მაცხოვრის აღდგომას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს.

წელიწადის ამ დროს ჩვეულებრივ იერუსალიმის ძველი ქალაქი ტურისტებითა და მომლოცველებით არის სავსე, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, დაწესებული მკაცრი შეზღუდვების ფონზე დღეს იერუსალიმი თითქმის ცარიელია. ისევე როგორც ბევრი სხვა წმინდა ადგილი მსოფლიოში, დახურულია აღდგომის ტაძარი, რომელიც ყოველწლიურად აღდგომის დღესასწაულის ზეიმის ცენტრია. აღდგომის პერიოდი იერუსალიმში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, წელიწადის ამ დროს უძველეს ქალაქში ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლები იკრიბებიან და იმ გზას გადიან, რომელიც, ბიბლიის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. ძველი ქალაქის ქუჩებში ყოველდღიურად ამ პერიოდში 30 ათასამდე პილიგრიმია.

ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი პრევენციული ზომები დააწესა. აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ადგილობრივებს სახლებიდან გასვლა მხოლოდ 100 მეტრის რადიუსში შეუძლიათ, აუცილებელი ნივთებისა და სურსათის საყიდლად.

აღდგომის დღესასწაულის წინ, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე აღდგომის ტაძარში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სასულიერო პირები დაიშვებიან. აღდგომასთან დაკავშირებული რელიგიური ცერემონიების უმრავლესობის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება, რათა მორწმუნეებმა სახლებიდან ყურება შეძლონ. ანალოგიურ ფორმატში გაიმართება ღვთისმსახურება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში. ჩვეულებრივ, მორწმუნეებით სავსე წმინდა პეტრეს მოედანი ცარიელი იქნება.

რომის პაპი მრევლს დისტანციურად მიმართავს. მილანის საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულზე ცნობილი ტენორი ანდრეა ბოჩელი იმღერებს. მისი გამოსვლის პირდაპირი ტრანსლირება პორტალ „იუთიბით“ მოხდება.

დატოვე კომენტარი