რეკორდი - მარადონას მაისური, რომლითაც ინგლისს გაუტანა, 8,8 მილიონ ევროდ გაიყიდა #1TVSPORT
საკულტო მაისური, რომელიც დიეგო მარადონას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის წინააღმდეგ ეცვა, აუქციონზე რეკორდულ ფასად, 8,8 მილიონ ევროდ გაიყიდა. ეს გახდა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული სპორტული მაისური. წინა რეკორდული თანხა 2019 წელს გადაიხადეს ბეისბოლის ამერიკელი ლეგენდის, ბეიბ რუთის 1920-იანი წლების მაისურისთვის, რომელიც 5,3 მილიონ ევროდ გაიყიდა.
არგენტინისა და ინგლისის დუელი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი საფეხბურთო მატჩია, რომელიც გაიმართა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე – 2 წლით ადრე ამ ქვეყნებს ფოლკლენდის კუნძულების გამო ომი ჰქონდათ, რამაც მატჩს განსაკუთრებული სიმწვავე შემატა. შესვენების შემდეგ, ოთხ წუთში, არგენტინამ ორი გოლი გაიტანა და ორივე მარადონას ანგარიშზე იყო. პირველი გოლი შემდეგ ე.წ. „ღვთის ხელით“ გატანილად მონათლეს, მეორე კი მარადონამ ულამაზესი სლალომის შემდეგ გაიტანა, როდესაც 5 ინგლისელი მოთამაშე და შემდეგ მეკარე პიტერ შილტონი მოატყუა. ინგლისს ლინეკერის გოლმაც ვერ უშველა და შემდეგ ეტაპზე მარადონას არგენტინა გავიდა.
ნახევარფინალში, ისევ მარადონას დუბლით, „ალბისელესტამ“ ბელგიას სძლია (2:0), ფინალში 3:2 დაამარცხა მაშინდელი დასავლეთ გერმანია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფეხბურთით გადარეული არგენტინისთვის ეს მეორე და ჯერჯერობით, ბოლო ტიტული იყო მუნდიალზე.
არის ნამდვილი მაისური? ეს კითხვა აუქციონამდე გაჩნდა. მაისური აუქციონზე ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივ ჰოჯმა გაიტანა, რომელმაც, როგორც ამბობენ, მატჩის შემდეგ მარადონასთან მაისური გაცვალა. თუმცა არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახმა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ მაისური ვიღაც სხვას ჰქონდა და არა – ჰოჯს. აუქციონზე გაყიდული მაისური უნდა ყოფილიყო ის მაისური, რომელიც მარადონას მატჩის პირველ ტაიმში ეცვა, მან კი გოლები მეორე ტაიმში გაიტანა. სოთბის აუქციონის ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ ჩატარდა ვრცელი გამოძიება და გაირკვა, რომ მარადონას აუქციონზე გამოტანილი მაისური მეორე ტაიმში ეცვა.
თავად ჰოჯმა თქვა, რომ მან მაისური გაცვალა მარადონასთან თამაშის შემდეგ. 2002 წლიდან მაისური მანჩესტერში მდებარე ფეხბურთის მუზეუმში იყო მოთავსებული.