რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დასავლური ქვეყნები ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის ესკალაციაზე არასათანადო რეაგირების გამო გააკრიტიკა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დასავლური ქვეყნები ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის ესკალაციაზე არასათანადო რეაგირების გამო გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დასავლური ქვეყნები ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის ესკალაციაზე არასათანადო რეაგირების გამო გააკრიტიკა. ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართა და განაცხადა, რომ ის „ამ ინციდენტში სისხლიანი ხელებით წერს ისტორიას“.

„ბატონო ბაიდენ, თქვენ დაიკავეთ სომხების მხარე ე.წ. სომეხთა გენოციდის საკითხზე. და ახლა, სამწუხაროდ, თქვენ სისხლიანი ხელებით წერთ ისტორიას ამ ინციდენტში, რომელიც არის სერიოზული არაპროპორციული თავდასხმა ღაზაზე, რაც შედეგად იწვევს ასობით, ათასობით ადამიანის სიკვდილს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა ავსტრიის ხელისუფლება ვენაში, ფედერალური კანცელარიის თავზე ისრაელის დროშის აღმართვის გამო.

„ავსტრიის სახელმწიფო ცდილობს, მუსლიმებს გადაახდევინოს საფასური ებრაელებისთვის, რომლებიც თავად გაწირა გენოციდისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება გასული კვირის დასაწყისში განსაკუთრებით გამწვავდა, როდესაც ღაზას სექტორიდან რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ გაშვებულ ასობით რაკეტას ისრაელმა საჰაერო დარტყმებით უპასუხა.