რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციამდე, თურქეთში 18 500 სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციამდე, თურქეთში 18 500 სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლეს

თურქეთის ხელისუფლებამ 18 500 სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ თურქეთში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო.
როგორც თურქული მედია იუწყება, გათავისუფლებულთა ნახევარი ძალოვან უწყებებში მუშაობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვება 8998 თანამშრომელს მოუწევს. ათასზე მეტი მოხელე დაითხოვეს იუსტიციის სამინისტროდან, 600-ზე მეტი განათლების სამინისტროდან, 200-ზე მეტი რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტიდან. დახურეს 12 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სამი გაზეთი და ერთი ტელეკომპანია.

როგორც თურქული მედია წერს, ეს სახელმწიფო მოხელეთა სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ 2016 წელს განხორციელებული უშედეგო პუტჩის შემდეგ განახორციელა.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო რეჟიმის ვადა აღარ გახანგრძლივდება და შესაძლოა, ეს რეჟიმი 18 ივლისს გაუქმდეს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ თურქეთში არჩეული პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია გაიმართება.