რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყველა საჭირო ზომას ვიღებთ მიწისძვრის შემდეგ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგების გადასალახად შესაბამისი უწყებები ყველა საჭირო ზომას იღებენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მიკრობოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„შესაბამისი უწყებები ყველა საჭირო ზომას იღებენ მიწისძვრის შემდეგ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც ელიაზიგში მოხდა და მრავალ პროვინციაში იგრძნობოდა. შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები სტიქიის ზონაში გავგზავნეთ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
კიდევ ერთი განცხადებით თურქეთის პრეზიდენტმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
„მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი ერის გვერდით ვდგავართ ჩვენი ინსტიტუტებით და ორგანიზაციებით. უფალს ვავედრებ ჩვენს ძმებს, რომლებიც მიწისძვრის დროს დაიღუპნენ. დაშავებულებს კი დაუყოვნებელ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა 24 იანვარს, საღამოს საათებში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი, დაზიანდა ათობით შენობა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 20-ს მიაღწია. დაშავებულია ასობით ადამიანი.