რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს ესაუბრა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ესაუბრა.
როგორც თურქული მედია თურქეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ანკარასა და მოსკოვს შეუძლიათ, დაიწყონ მუშაობა სხვადასხვა საკვები პროდუქტებისა და თანდათანობით სხვა საქონლის ექსპორტზე მარცვლეულის დერეფნის გავლით.
ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით, 13 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გავიდა. თურქეთის კომუნიკაციის დირექტორატის ცნობით, ერდოღანმა ასევე „გამოხატა თავისი გულწრფელი სურვილები, რომ მოსკოვ-კიევის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.
რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა. ერდოღანმა ზელენსკის უთხრა, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ზამთრის რთულ თვეებში.
თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე თქვა, რომ 22 ივლისის მარცვლეულის შეთანხმება შეიძლება, გაფართოვდეს სხვადასხვა საკვები პროდუქტებისა და სხვა საქონლის ჩათვლით.