რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მიზნად ისახავს ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რაც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს
თურქეთი მიზნად ისახავს ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რაც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ლიდერებს შორის დახურულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი.
ლიდერებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ისრაელის მიერ პალესტინაზე მიმდინარე თავდასხმები და რუსეთ-უკრაინის ომი. შეხვედრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ზომები ისრაელის მიერ პალესტინაზე თავდასხმების საფრთხისა და რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელებისგან თავის დასაცავად.