რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი იდეალური მასპინძელი იქნება რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი იდეალური მასპინძელი იქნება რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის

თურქეთი იდეალური მასპინძელი იქნება რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის სამწლიანი ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ზელენსკის კიდევ ერთხელ განუცხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ახლა მთელი მსოფლიო ომის დასრულებას ელოდება.

„ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენ მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების ხელშეწყობისთვის. 2022 წლის მარტში სტამბოლში ვუმასპინძლეთ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. იმ აქტიური დიპლომატიური საქმიანობის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ, სამი წელია, ვაწარმოებთ, თურქეთი შესაფერისი მასპინძელია უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკისთან შეხვედრის დროს მე კიდევ ერთხელ განვაცხადე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ერდოღანმა.