რეჯეფ თაიფ ერდოღანი - TANAP-ი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ძალისხმევით განხორციელდა და ყველა მონაწილე ქვეყანა სარგებელს მიიღებს
TANAP-ი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ძალისხმევით განხორციელდა და ყველა მონაწილე ქვეყანა სარგებელს მიიღებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TANAP-ის გასზადენის პროექტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ წვლილს პროექტის განხორციელებაში.
„ამ პროექტის ყველა დეტალი განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით. ამას დასჭირდა 7,5 წელი და დღეს ამაყები ვართ, რომ შეგვიძლია ამ პროექტის პრეზენტაციას დავესწროთ. ეს მილსადენი უერთდება ტრანსადრიატიკულ მილსადენს, რომელიც საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან მიდის ევროპის მიმართულებით.
ყველა მონაწილე ქვეყანა ამ პროექტიდან სარგებელს მიიღებს. ეს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს მილსადენი სათავეს იღებს საქართველოდან, გაივლის თურქეთს და კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს საქართველოს შთამბეჭდავ ძალისხმევას და საქართველოს წვლილს. ეს არის სოლიდარობის საუკეთესო სიმბოლო, სოლიდარობა კი მშვიდობაზეა დამყარებული. მილსადენი ჩვენი ერების მეგობრობის სიმბოლოა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალური ღონისძიება თურქეთში, ედირნეს პროვინციაში გაიმართა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.
ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.
პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდი კუბური მეტრით.