რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - სტამბოლში ყველა ხმა თავიდან უნდა დათვალონ
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - სტამბოლში ყველა ხმა თავიდან უნდა დათვალონ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლში მერის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ამიტომ ყველა ხმის თავიდან დათვლაა აუცილებელი. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თურქეთში გამართულ არჩევნებში პრეზიდენტ ერდოღანის მმართველი პარტიის კანდიდატები სტამბოლსა და ანკარაში დამარცხდნენ. თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა, რის გამოც „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ სტამბოლის რამდენიმე უბანში ხმების გადათვლა მოითხოვა.

თუმცა, როგორც პრეზიდენტმა დღეს განაცხადა აუცილებელია არა ცალკეული უბნების, არამედ ყველა ხმის გადათვლა.

„სტამბოლში უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. ამიტომ აუცილებელია ყველა ხმის გადათვალა“, – განაცხადა ერდოღანმა.

ასევე, პრეზიდენტმა მომხდარს „ორგანიზებული დანაშაული“ უწოდა და საარჩევნო კომისიას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა.

„როდესაც სხვაობა სულ 13-14 ათასი ხმაა, არავის აქვს უფლება გამარჯვებაზე ისაუბროს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამჟამად, სტამბოლში მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი ეკრემ იმამოღლუ ლიდერობს.

მანამდე, თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების გადათვლა ანკარას რამდენიმე რაიონში დაასრულა და ოპოზიციის კანდიდატი მასურ იავაში გამარჯვებულად გამოაცხადა. მმართველი პარტია ანკარაში ხმების სრულ გადათვლას ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.