რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამწუხაროდ, უკრაინაში ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას, მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამწუხაროდ, უკრაინაში ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას, მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ცდილობს, შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში. თურქული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში, ელჩების რიგით მე-13 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამდა დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნება და ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო. მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია არსებულთან მხოლოდ პასუხისმგებლური მიდგომით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თურქეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს შექმნილ დაძაბულ ვითარებასაც შეეხო და განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ერევანის მხრიდან ბაქოსა და ანკარას გულწრფელ მოწოდებებზე პასუხის შემთხვევაშია შესაძლებელი.

„მე მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის სტაბილიზაცია მოკლე ვადებში მოხდება, თუ სომხეთი სწორად შეაფასებს პროცესებს და უპასუხებს აზერბაიჯანისა და თურქეთის გულწრფელ მოწოდებებს“, – განაცხადა ერდოღანმა.