რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთში ისტორიულ ვიზიტს გამართავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთში ისტორიულ ვიზიტს გამართავს

დღეს ათენში თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი გაიმართება. რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი თურქი ლიდერი იქნება, რომელიც საბერძნეთს 65-წლიანი პაუზის შემდეგ ეწვევა.

პრეზიდენტი ათენში 200 პირად მცველთან ერთად ჩადის. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული ადგილზეც, ისეთივე, როგორიც ეს აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიზიტის დროს იყო.

საბერძნეთის დედაქალაქში 2800 სამართალდამცველია მობილიზებული. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის ლიდერებს შეხვდება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციფრასი იმედოვნებს, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.

თურქეთსა და საბერძნეთს მრავალმხრივ დაძაბული ურთიერთობები აქვთ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 1974 წელს თურქეთის ჯარების მიერ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპირების საკითხია. ამას გარდა, ორ მეზობელ ქვეყანას სადავო ეგეოსის ზღვაში დაუსახლებელი კუნძული და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2011 წელს აღმოჩენილი აფროდიტეს ბუნებრივი აირის რესურსი გააჩნია.

უთანხმოების კიდევ ერთი საფუძველი 2016 წლის ივლისში თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შედეგად, საბერძნეთში გაქცეული სამხედრო პირების ექსტრადირებაა. საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ, თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სავალალო მდგომარეობის გამო, დაკავებულთა ექსტრადირებაზე უარი განუცხადა, რამაც ათენსა და ანკარას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის შემდეგ, 2018 წლიდან ექვს თვეში ერთხელ მაღალ დონეზე შეხვედრების ორგანიზება და სამი ახალი პროექტის დაწყებაა დაანონსებული, მათ შორის საბორნე მიმოსვლა თესალონიკსა და იზმირის პროვინციას შორის, ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა სტამბოლსა და თესალონიკს შორის და სასაზღვრო ხიდი თურქეთის იფსალასა და საბერძნეთის ქიფოის შორის.

დატოვე კომენტარი