რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საბერძნეთის პრემიერი კირიაკოს მიცოტაკისი ჩემთვის აღარ არსებობს, არასდროს დავთანხმდები მასთან შეხვედრას
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მისთვის „აღარ არსებობს“. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
თურქეთის ლიდერმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიყიდვის დაბლოკვის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ შევთანხმდით, არ ჩავრიოთ მესამე ქვეყნები ჩვენს დავაში. ამის მიუხედავად, გასულ კვირას მას ჰქონდა ვიზიტი აშშ-ში, მან ისაუბრა კონგრესში და გააფრთხილა ისინი, არ მოეცათ ჩვენთვის F-16-ები. ის ჩემთვის აღარ არსებობს. მე არასდროს დავთანხმდები მასთან შეხვედრას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას პატივცემულ პოლიტიკოსებთან ერთად“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთსა და საბერძნეთს რამდენიმე საკითხზე აქვთ უთანხმოება, მათ შორის საზღვაო საზღვრების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფის ფარგლები და კვიპროსის საკითხი.
ერდოღანის განცხადების შემდეგ, საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი მიცოტაკისი იცავს საბერძნეთის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალს. საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, საბერძნეთის საგარეო პოლიტიკა ასევე ეფუძნება მის კავშირებს.
„ჩვენ არ შევალთ თურქეთის ხელმძღვანელობასთან კონტრარგუმენტებში. ჩვენი პოლიტიკა პრინციპების პოლიტიკაა“, – განაცხადეს საბერძნეთის მთავრობაში.