რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოპოზიციას არჩევნების წინ არეულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოპოზიციას არჩევნების წინ არეულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოპოზიციას არჩევნების წინ არეულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს. ეს განცხადება ერდოღანმა ქალაქ ედირნეში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე ერზრუმში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატის, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს ავტობუსს ქვები ესროლეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ისინი უსირცხვილოდ ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ქალაქებს თავიანთი პროვოკაციების დადგმით. ისინი უკვე ცდილობენ არჩევნებში თავიანთი სავარაუდო მარცხის გადაფარვას პროვოკაციებით და როდესაც ეს არ გამოსდით, ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ“, – განაცხადა ერდოღანმა ქალაქ ედირნეში სიტყვით გამოსვლისას.

თავის მხრივ, ერზრუმში მომხდარ ინციდენტს ქალაქ კონიაში გამართულ წინასაარჩვენო აქციაზე გამოეხმაურა თავად იმამოღლუ.

„მათ შეუძლიათ, ქვები გვესროლონ, თუმცა ჩვენ მათ ვარდებით ვუპასუხებთ. ყველა აკეთებს იმას, რაც მას შეეფერება. აგიტატორებს მოსახლეობა გაკვეთილს ჯერ საარჩევნო ურნებთან ასწავლის, შემდეგ თითოეული მათგანი გასამართლდება დამოუკიდებელ სასამართლოში დანაშაულისა და ღალატისთვის“, – განაცხადა ექრემ იმამოღლუმ, რომელიც მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან“ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატია.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს არის დაგეგმილი.