რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მუსლიმების წინააღმდეგ მტრობა და წინასწარმეტყველის უპატივცემულობა ევროპის ლიდერებს შორის სიმსივნესავით ვრცელდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მუსლიმების წინააღმდეგ მტრობა და წინასწარმეტყველის უპატივცემულობა ევროპის ლიდერებს შორის სიმსივნესავით ვრცელდება

ჩვენთვის ღირსების საკითხია, დავდგეთ წინასწარმეტყველზე თავდასხმების წინააღმდეგ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის საპარლამენტო ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ისლამის და მუსლიმების წინააღმდეგ მტრობა და წინასწარმეტყველის უპატივცემულობა ევროპის ლიდერებს შორის სიმსივნესავით ვრცელდება. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი და ზოგადად ევროპა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის „მანკიერ, პროვოკაციულ და სიძულვილით სავსე პოლიტიკაზე უკეთესს იმსახურებს.“

„ჩვენ მოვუწოდებთ გონიერ ევროპელებს, იმოქმედონ ამ საშიში ტენდენციის წინააღმდეგ, საკუთარი და მათი შვილების სახელით, ნათელი მომავლისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა.

მიმდინარე თვის დასაწყისში, საფრანგეთის პრეზიდნეტმა ფრანგი მუსლიმები სეპარატიზმში დაადანაშაულა და ისლამს კრიზისში მყოფი რელიგია უწოდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 16 ოქტომბერს, საფრანგეთში მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის ჩეჩნური წარმოშობის 18 წლის აბდულახ ანზოროვმა სკოლის მასწავლებელი, სამუელ პატი მოკლა.

ემანუელ მაკრონმა ინციდენტს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და თქვა, რომ საფრანგეთი კარიკატურებზე უარს არ იტყვის. მოგვიანებით, ჟურნალ „შარლი ებდოს“ კარიკატურები საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის შენობებზე გამოსახეს.