რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მსოფლიო პოლიტიკა ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მსოფლიო პოლიტიკა ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის.
მისივე თქმით, იმ ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო სისტემას უჭირს სამართლიანობისა და უსაფრთხოების დამკვიდრება, ხოლო ომები და კრიზისები ვრცელ გეოგრაფიულ არეალებს მოიცავს, თურქულენოვანი სახელმწიფოების სოლიდარობა სტრატეგიულ აუცილებლობად იქცა.
„საერთო ნების გარშემო გაერთიანებულ თურქულ სახელმწიფოებს შესწევთ ძალა, გადალახონ ყველაზე რთული გამოწვევები და განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. თურქული სამყაროს ერთიანობის საფუძველს წარმოადგენს თითოეული ჩვენი მოძმე ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ნების პატივისცემა. ეს ერთიანობა დაეფუძნება როგორც საერთო ღირებულებებს, ისე ურთიერთნდობასა და ინტერესებს“, — აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქული სამყაროს ეკონომიკური ინტეგრაცია ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელზეც მომავალ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს და ამ მხრივ კასპიის სატრანზიტო შუა დერეფანი ისტორიულ შესაძლებლობას ქმნის.
„დღევანდელ მსოფლიოში, სადაც აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა ახლებურად ყალიბდება, თურქულ სამყაროს აქვს პოტენციალი, იქცეს გლობალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად. ჩვენ ვავითარებთ რკინიგზებს, პორტებს, საგზაო კავშირებსა და საბაჟო სისტემებს, როგორც ერთიან, ურთიერთშემავსებელ კომპლექსს. კასპიის ზღვის ორივე ნაპირის დამაკავშირებელი ნებისმიერი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ჩვენს მოძმე ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას და წვლილს შეიტანს ჩვენს საერთო კეთილდღეობაში“, — აღნიშნა ერდოღანმა.