რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, ფაქტია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოებაში თურქეთის შეუცვლელი როლი სათანადოდ არ არის შეფასებული
მიუხედავად ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილისა, ფაქტია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოებაში თურქეთის შეუცვლელი როლი და თურქეთისგან სარგებელი სათანადოდ არ არის შეფასებული, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პატივსაცემად გამართულ სადილზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანმა ისაუბრა ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე და აღნიშნა, რომ ეს სამიტი გამოცდილების გაზიარების ყველაზე ძლიერი პლატფორმა იქნება. მისივე თქმით, ჰააგის სამიტზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, თურქეთი ზრდის თავდაცვის ხარჯებს და ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში ხუთ უმსხვილეს კონტრიბუტორს შორისაა.
„როგორც ქვეყანას, რომელსაც ალიანსის ევროპული ფრთის განვითარებაში მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის, ჩვენ გვაქვს ნება და სურვილი, ვიყოთ ჩართული კონტინენტზე თავდაცვისა და უსაფრთხოების ყველა ინიციატივაში. როგორც პარლამენტარებისგან, ველოდებით თქვენს აქტიურ ინტერესსა და მხარდაჭერას, რათა თურქეთი ჩაერთოს ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინიციატივებში. ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო თურქეთის თავდაცვითი შესაძლებლობების უგულებელყოფა და გამორიცხვა არავის ინტერესებში არ შედის, არც სარგებელს მოუტანს ვინმეს. ჩვენ უნდა შევქმნათ ალიანსის მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი ქსელი, რომელიც ტეხასიდან ანკარამდე გადაიჭიმება, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ძლიერი შეიარაღებული ძალებით, თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებითა და განვითარებული თავდაცვითი მრეწველობით თურქეთი, 70 წელზე მეტია, ნატო-ს ერთ-ერთი წამყვანი მოკავშირეა, რომელსაც ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. აქტიურად ვმონაწილეობთ ნატო-ს მისიებში და ჩვენი წვლილი შეგვაქვს მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებაში. მოკავშირეებს ვუზიარებთ როგორც რეგიონული კრიზისების მართვის უნიკალურ გამოცდილებას, ისე ნატო-ს ფარგლებში დაგროვებულ მრავალწლიან პრაქტიკასა და ცოდნას“, – აღნიშნა ერდოღანმა.