რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მეტი სოლიდარობაა საჭირო საერთაშორისო ასპარეზზე, ეს კიდევ ერთხელ ვიგრძენით პანდემიის დროს, საერთაშორისო საზოგადოებამ მისი გამანადგურებელი შედეგების მართვის ტესტი წარმატებით ვერ ჩააბარა
მეტი სოლიდარობაა საჭირო საერთაშორისო ასპარეზზე, ეს კიდევ ერთხელ ვიგრძენით პანდემიის დროს, საერთაშორისო საზოგადოებამ მისი გამანადგურებელი შედეგების მართვის ტესტი წარმატებით ვერ ჩააბარა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიაში, საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ არსებობს ტოლერანტობა შეკრული მუშტებით და ამ მუშტების მოდუნების ყველაზე ეფექტიანი გზა დიპლომატიაა.
„პლატფორმები, რომლებსაც დიპლომატია ემყარება, შეიცვალა ისევე, როგორც პოლიტიკის მონაწილეები. ახლა პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესს, მედიასა და უნივერსიტეტებს შორის კონტაქტები ასევე განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას.
ციფრული დიპლომატია, რომელსაც მზარდი ადგილი უკავია დღის წესრიგში, ამ პერიოდის ერთ-ერთი მიღწევაა. დიპლომატიის არენის გაფართოება კაცობრიობას დაძაბულობის შემცირების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს. დღეს, როდესაც ცხელი კონფლიქტები წლებია, გრძელდება, იზრდება მოთხოვნა ახალი შესაძლებლობებისადმი, რომლებიც ზრდის დიპლომატიის ხელოვნებას. როგორც ყოველთვის ვამბობდით, არ არსებობს ტოლერანტობა შეკრული მუშტებით. ამ მუშტების მოდუნების ყველაზე ეფექტიანი გზა დიპლომატიაა. ჩვენ უნდა დავამყაროთ შორსმჭვრეტელი დიპლომატიური პრაქტიკა, რომელიც მისცემს გამოსავალს მომავალ თაობებს.
ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბი ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ სოლიდარობასა და თანამშრომლობას საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთხელ ვიგრძენით ეს საჭიროება კორონავირუსის პანდემიის დროს. ყველა ხელმისაწვდომი რესურსის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებამ, სამწუხაროდ, პანდემიის გამანადგურებელი შედეგების მართვის ტესტი წარმატებით ვერ ჩააბარა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.