რეჯეფ თაიფ ერდოღანი - იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობა წინაზე უარესი არ იქნება, ყველა ადმინისტრაცია იმედგაცრუების მიზეზი იყო, როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის უკეთეს ურთიერთობებს მოიტანს. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გააუმჯობესებს ურთიერთობებს თურქეთთან, თუმცა სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან წარსულში ანკარა იმედგაცრუებული იყო როგორც რესპუბლიკელებით, ასევე დემოკრატებით.
„იმედი მაქვს, რომ ახალი ხელმძღვანელობა წინაზე უარესი არ იქნება. „F-35“-ის საკითხი არ იყო მხოლოდ დონალდ ტრამპის ვადის დროს განცდილი პრობლემა. ყველა ადმინისტრაცია იმედგაცრუების მიზეზი იყო. როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები იწვევდნენ იმედგაცრუებას. ვნახავთ, გაგრძელდება თუ არა ეს ახალ ერაში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთის მცდელობას, დაიბრუნოს 1.45 მილიარდი დოლარი, რომელიც მას F-35-ის პროგრამიდან ეკუთვნის.
„ეს მცირე თანხა არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი აშშ-სთან ურთიერთობას არჩევნების შემდეგ გადააფასებს, ახალი ადმინისტრაციის მიდგომის შესაბამისად.
ერდოღანმა ასევე ისაუბრა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო ძალისხმევაში თურქეთის ჩართულობაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა, უმასპინძლოს შესაძლო სამშვიდობო კონფერენციას.
„ჩვენ ალბათ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც ყველაზე მეტად სურს სამართლიანი მშვიდობა უკრაინა-რუსეთის ომში. დიპლომატიასა და დიალოგს შეუძლია, დაასრულოს ეს კონფლიქტი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მომენტში ამასთან ახლოს არ ვართ“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ინარჩუნებს ღია საკომუნიკაციო არხებს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან.