რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზის სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა თავისი გაკოტრების შესახებ გამოაცხადა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზის სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა თავისი გაკოტრების შესახებ გამოაცხადა

ღაზის სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა თავისი გაკოტრების შესახებ გამოაცხადა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, განადგურდა მილიარდობით ადამიანის რწმენა საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ.

„ღაზის სექტორში სასტიკად მოკლეს არა მხოლოდ ბავშვები, ქალები და მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ განადგურდა მილიარდობით ადამიანის რწმენა საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებით, ის, რაც ღაზის სექტორში ხდება „არა ომი, არამედ გენოციდის ჩადენის მცდელობაა“. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც პირველივე დღიდან უპირობოდ უჭერდნენ მხარს ისრაელს, „თავიანთი ფარისევლური პოლიტიკის გამო სისხლისღვრის მონაწილენი არიან“.

ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში იქნება, პალესტინის პრობლემის მოგვარების შეუცვლელი პირობაა.

„საერთაშორისო თანამეგობრობა პალესტინელი ხალხის წინაშე ვალს გადაიხდის მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნით“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.