რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გადაუჭრელი კონფლიქტით გამოწვეული სირთულეები ჩვენმა ქართველმა ძმებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, ეს პროცესი ახლაც გრძელდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გადაუჭრელი კონფლიქტით გამოწვეული სირთულეები ჩვენმა ქართველმა ძმებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, ეს პროცესი ახლაც გრძელდება

ანტალიის დიპლომატიურ ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე საუბრისას, საქართველო-რუსეთის კონფლიქტსაც შეეხო.

„გადაუჭრელი კონფლიქტების შედეგად გამოწვეული სირთულეები, ფორუმზე მყოფმა ჩვენმა აზერბაიჯანელმა, ქართველმა და უკრაინელმა ძმებმა გამოსცადეს, ეს პროცესი ახლაც გრძელდება. მსგავს ტვირთს უკვე წლებია, ჩვენც ვატარებთ, ჩრდილოეთ კვიპროსის საკითხიდან გამომდინარე“, – განაცხადა ერდოღანმა და ხაზი გაუსვა რეგიონის განვითარებაში მშვიდობის მნიშვნელობას.

ანტალიის ფორუმში მონაწილეობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაში „სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“, სადაც ისაუბრებს რეგიონში, მათ შორის საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.