რეჯეფ თაიფ ერდოღანი – F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის საკითხი ადრე განვიხილეთ აშშ-თან და ხუთ თვითმფრინავს დაგვპირდნენ, ვიცი, რომ ტრამპი ყოველთვის ასრულებს დაპირებას

23:40, 07.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთისთვის სანქციების მოხსნასა და F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაშინგტონს აღარ სურს მოკავშირე ქვეყნებისთვის სანქციების დაწესება.

„სანქციებს მოვხსნით. დროა. ჩვენ არ გვინდა მეგობრებისთვის სანქციების დაწესება“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ფინანსთა მინისტრი ამ საკითხზე უკვე მუშაობენ, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

„თურქეთთან ახლა ალბათ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, რაც ოდესმე გვქონია. თურქეთთან დაკავშირებით არაფერზე არ მაქვს შეშფოთება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის შესაძლებლობაც განიხილება.

„ეს შესანიშნავი თვითმფრინავია, ამ დროისთვის საუკეთესო მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას განვიხილავთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ F-35-ების შეძენის საკითხი დადებითად გადაწყდება.

„ეს საკითხი ადრე უკვე განვიხილეთ შეერთებულ შტატებთან და ხუთ თვითმფრინავს დაგვპირდნენ. ვიცი, რომ ტრამპი ყოველთვის ასრულებს დაპირებას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი