რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დონალდ ტრამპთან საუბრისას ლიბიასთან დაკავშირებით ზოგიერთ საკითხზე შევთანხმდით
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპს და ლიბიასთან დაკავშირებით „ზოგიერთ საკითხზე“ შეთანხმებას მიაღწია. ეს განცხადება ერდოღანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
„თურქეთსა და აშშ-ს შორის შესაძლოა, ახალი ეპოქა ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიწყოს. ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე საკითხზე“, – განაცხადა ერდოღანმა, თუმცა დეტალები არ გაუმხელია.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ლიბიის კონფლიქტი, სირიის საკითხი და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონის თემატიკა განიხილეს.
შეგახსნებთ, რომ თურქეთი მხარს უჭერს ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას, რომელსაც სათავეში ფაიეზ სარაჯი უდგას. ბოლო პერიოდში სარაჯის ხელისუფლება გენერალ ხალიფას ჰაფთარის ძალებმა შეავიწროვეს, როლებიც ტრიპოლის დაკავებას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ჰაფთარს მხარს ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და რუსეთი უჭერენ.
ეგვიპტის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ ლიბიაში ცეცხლი შეწყდება. ამავე ინიციატივის თანახმად, ქვეყანამ ახალი მმართველთა საბჭო უნდა დააკომპლექტოს.
რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ ინიციატივას მიესალმნენ. თუმცა, ერდოღანმა განაცხადა, რომ სარაჯის მთავრობა და მისი ძალები განაგრძობენ სირიის რამდენიმე ქალაქის დასაკავებლად ბრძოლას. მათ შორის არის საპორტო ქალაქი სურთი და ჯუფრა, სადაც საავიაციო ბაზა მდებარეობს. ორივე ქალაქი ნავთობით მდიდარ სტრატეგულ რეგიონშია განლაგებული.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ლიბიის საკითხის განხილვას ის რუსეთს პრეზიდენტთანაც აპირებს.