რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენს საერთო შავ ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალისხმევა საქართველოს მხარდაჭერითაც გრძელდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენს საერთო შავ ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალისხმევა საქართველოს მხარდაჭერითაც გრძელდება

ჩვენს საერთო შავ ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდაჭერითაც გრძელდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განხილული იყო უსაფრთხოების სფერო, ორმხრივი თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები, რომლებიც ქართველი და თურქი სამხედროების მონაწილეობით, რეგულარულად იმართება.

„საქართველოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის თურქეთსა და საქართველოში ერთობლივი წვრთნების ჩატარება წელსაც გავაგრძელეთ. 2200-მდე ქართველმა სამხედრო პერსონალმა თურქეთში ჩატარებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა კურსებში მიიღო მონაწილეობა. ჩვენს საერთო შავ ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდაჭერითაც გრძელდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოა თურქეთისთვის წინაპრების სამშობლოში მყოფ ძმებთან დამაკავშირებელი ხიდი, ასევეა თურქეთი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების ჯანსაღი ფორმით დამყარებაში სტრატეგიული ხიდი.

„მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს და ძვირფას დელეგაციას ნაყოფიერი ვიზიტისთვის. უმაღლესი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, მზად ვარ, მივიღო თქვენი მოწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, გაზაფხულზე,“ – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.