რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ შუა გზაზე არ მივატოვებთ არცერთ მეგობარსა თუ ძმას, არ შევწყვეტთ ჩვენი მეზობლების მხარდაჭერას ძალების აღდგენაში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხელს უშლის კრიმინალურ ქსელებს

23:08, 25.08.2026

თურქეთი გააგრძელებს მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, არ შეწყვეტს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად მიმართულ ძალისხმევას, იმის გამო, რომ ეს ზოგიერთ ადამიანს არ სურს.

„ჩვენ შუა გზაზე არ მივატოვებთ არცერთ მეგობარსა თუ ძმას, რომელმაც ჩვენზე დაამყარა იმედი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთ ადამიანს ეს არ სურს, ზოგიერთს ამის ეშინია, ზოგიერთის გეგმები კი ირღვევა. ჩვენ არ შევწყვეტთ ძალისხმევას, რათა ჩვენს რეგიონში მშვიდობა დამყარდეს. ასევე, არ შევწყვეტთ ჩვენი მეზობლების მხარდაჭერას ძალების აღდგენაში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხელს უშლის კრიმინალურ ქსელებს, რომლებსაც ხელები უდანაშაულო ადამიანების სისხლში აქვთ გასვრილი“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა გასულ კვირას სირიაში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დარტყმები განახორციელა და ანკარა გააფრთხილა, თავი შეეკავებინა „სახიფათო ავანტიურებად“ შეფასებული მოქმედებებისგან. ამ დარტყმებს კი წინ უძღოდა ისრაელსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების კუთხით გამწვავებული დაძაბულობა და ორ ქვეყანას შორის სულ უფრო მწვავე რიტორიკა სირიის საკითხზე, სადაც ორივე სახელმწიფოს სამხედრო ძალები აქტიურობენ.

მსგავსი