რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ მუშაობას, ვიდრე არ მივაღწევთ „თურქული საუკუნის“ მიზანს, რომელსაც ჩვენს ეროვნულ საქმედ მივიჩნევთ
ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ მუშაობას, ვიდრე არ მივაღწევთ „თურქული საუკუნის“ მიზანს, რომელსაც ჩვენს ეროვნულ საქმედ მივიჩნევთ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის დღესა და რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაზე განაცხადა.
ერდოღანმა „ანიტკაბირის“ სპეციალურ წიგნში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა.
„ძვირფასო ათათურქ, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი რესპუბლიკის დაარსების 103-ე წლისთავს, რესპუბლიკისა, რომლისთვისაც დიდი ფასი გავიღეთ. ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელმაც ჩვენს ისტორიას ახალი გეზი მისცა, მადლიერებით გიხსენებთ თქვენ, თქვენს თანამებრძოლებსა და ჩვენს გმირ მოწამეებს. ჩვენ ინტენსიურ ბრძოლას ვაწარმოებთ სხვადასხვა ფრონტზე, რათა თურქეთის რესპუბლიკა თავისი სახელმწიფოებრიობითა და ერით აყვავებულ და გამარჯვებულ მომავალამდე მივიყვანოთ. თქვენი იმ სიტყვების გათვალისწინებით, რომლებიც 1922 წლის პირველ მარტს, რესპუბლიკის გამოცხადებამდე დიდი ეროვნული ასამბლეისადმი მიმართვისას წარმოთქვით — „ვერანაირი საშუალება და ვერანაირი ძალა ვერ შეგვაჩერებს ჩვენი ეროვნული საქმის კეთებაში. ჩვენი ეროვნული საქმე ჩვენი სიცოცხლეა“ — ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ მუშაობას, ვიდრე არ მივაღწევთ „თურქული საუკუნის“ მიზანს, რომელსაც ჩვენს ეროვნულ საქმედ მივიჩნევთ“, – აღნიშნა ერდოღანმა.