რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობები დიპლომატიურ ურთიერთობებს სცდება, არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ძმური ურთიერთობა ვერ გადალახავს
არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობა ვერ გადალახავს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანმა უარყო თურქეთ-აზერბაიჯანს შორის კრიზისის არსებობა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ და მტკიცე კავშირებს.
მისივე თქმით, 8 ნოემბერს აზერბაიჯანში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ჩასვლას გეგმავს.
„იმედი მაქვს, ამ ვიზიტის ფარგლებში საჭირო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან. გარდა ამისა, აზერბაიჯანში გაგზავნა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, სატელეფონო კომუნიკაცია გრძელდებოდა როგორც ილჰამ ალიევთან, ისე ქვეყნების პირველი პირების მეუღლეებს შორის.
„ჩვენი ურთიერთობები აზერბაიჯანთან ჩვეულებრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს ბევრად სცდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურღვევი კავშირი ჩვენი საერთო ისტორიის, კულტურის, ბედისწერისა და, ღვთის ნებით, საერთო მომავლის შედეგია“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, ერდოღანის განცხადებებს წინ უძღოდა უთანხმოება აზერბაიჯანის გადაწყვეტილების გამო, აეკრძალა თავსაბურავის ტარება დაწყებით და საშუალო სკოლებში.